ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში პრორუსული ორგანიზაციები გააქტიურდნენ, მათ თბილისში რამდენიმე მსვლელობაც მოაწყვეს და თავისუფლების მოედანზე რუსული დროშა გაშალეს.
როგორია რუსეთის რბილი ძალა საქართველოში და რას აკეთებს მის შესაჩერებლად საქართველოს მთავრობა ? შეუქმნის თუ არა ამ ტიპის ორგანიზაციების აკრძალვა საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას ?
ამ თემების გარშემო ვისაუბრეთ ფოკუსში. სტუმრები : საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ელისო ჩაფიძე და სერგო რატიანი.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში რუსმა ჯარისკაცებმა რუსთაველის ქუჩაზე მიტინგი დაარბიეს, დარბევას მოყვა მსხვერპლიც - 20 ადამიანი დაიღუპა. საბჭოთა კავშირში მშვიდობიანი აქციის დარბევის ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა არ იყო თუმცა არცერთ ასეთ ქმედებას ასეთი დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. როგორ ვაფასებთ დღევანდელი გადმოსახედიდან 9 აპრილს, რა გავლენა მოახდინა ამ დღემ თანამედროვე საქართველოს ისტორიაზე. ამ თემებზე ვიმსჯელებთ გადაცემის მეორე ბლოკში. ჩვენი სტუმრები არიან ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და ისტორიკოსი თემურ პაპასქირი.
ჩვენ ასევე ჩაგვერთვება 9 აპრილს გარდაცვლილი თინა ენუქიძის შვილიშვილი ნინო ოკრიბელაშვილი.




