ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ხიდაშელმა PACE-ს საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნა მოსთხოვა

თინა ხიდაშელი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე
საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნა მოითხოვა. საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, გასული წლის ნოემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სანქციის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელი და გაუგებარი იყო. ხიდაშელი სხდომაზე ევროპელი ლიბერალების სახელით გამოვიდა.

„ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში რეალობა უფრო დრამატულად და ნათლად გამოჩნდა. ამ კვირაში მოგვიწევს, კენჭი ვუყაროთ იმ ადამიანებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას, ვინც წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნების ოკუპაციას აძლევდა ხმას, მათ შორის, საქართველოს და მოლდოვის ოკუპაციას, ვინც მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი ქვეყნის, უკრაინის, ნაწილის ანექსიას. იმედს ვიტოვებ, ასამბლეა არ უღალატებს იმ ფუნდამენტს და ფილოსოფიას, რომელზეც ეს ორგანიზაცია შეიქმნა და კენჭისყრა რუსეთის დელეგაციისთვის ნეგატიურად დასრულდება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წარმომადგენელმა და მომხსენებელმა ნატაშა ვუჩკოვიჩმა უპასუხა, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქციის მოხსნის საკითხის განხილვას ბიურო შემდეგ სხდომაზე დაუბრუნდება.

სანქციები საქართველოს იმის გამო დაუწესდა, რომ რუს დეპუტატს ვასილი ლიხაჩოვს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების უფლება არ მიეცა. სანქციის მიხედვით, საქართველოში ორი წლის განმავლობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ გაიმართება. თუმცა PACE-ი ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ გამორიცხავდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა სტრასბურგში მიმდინარეობს. მასზე ევროპარლამენტარებმა 9 და 10 აპრილს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისა და რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

კომენტარები