საქართველოს პარლამენტი

დაპირისპირება პარლამენტში - პრემიერის ჰაკიმ ფაშად მოხსენიების გამო

დეპუტატ გიორგი კანდელაკის მიერ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის "ჰაკიმ ფაშად" მოხსენიებამ პარლამენტში უმრავლესობის და უმცირესობის წევრების დაპირისპირება გამოიწვია.

"ნუ გწყინთ, რომ ჩვენ ჰაკიმ ფაშს ვეძახით ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ეს მან თავად აირჩია, როცა გამოაქვეყნა გამოძიების საიდუმლო მასალები ზურაბ ჟვანიას საქმეზე და თავად დაირქვა ეს სახელი. არ გაგიკვირდეთ, მეგობრებო, თუ ჩვენ მომავალშიც დავუძახებთ მის ნამდვილ სახელს და გვარს - ჰაკიმ ფაშას", - თქვა კანდელაკმა, რომლის ეს რეპლიკაც უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს. დეპუტატმა გელა გელაშვილმა კანდელაკს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. პლენარული სხდომა დაპირისპირების გამო, რამდენიმე წუთით შეწყდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს სიტუაციის გაკონტროლებისკენ მოუწოდა.

"ვისაც გინდათ, რომ გადავყვეთ ამ თემას, აყევით, აყევით... ამისთვის ვართ აქ და ამით უნდა გავაგრძელოთ ხომ? დავიკავოთ ადგილები", - მიმართა უსუფაშვილმა დეპუტატებს. მას უპასუხეს, რომ "ადამიანები ვართ". რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ადამიანები არ ხართ, პარლამენტარები ხართ".

გელა გელაშვილის განცხადებით, ის გიორგი კანდელაკის რეპლიკამ გააღიზიანა.

"ნებისმიერი ადამიანი გაღიზიანდება, თუკი მას ზედმეტ სახელს დაუძახებენ და ნამდვილად მისაღები არ არის, როდესაც უმცირესობის წევრები პრემიერმინისტრს ჰაკიმ ფაშას უწოდებენ, სწორედ ამიტომ გამოვედი მწყობრიდან. თავი ვერ შევიკავე და შევაგინე კანდელაკს", - თქვა გელაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმიდან ფოტოკოლაჟი YOUTUBE-ზე რამდენიმე კვირის წინ, HAKIM PASHA-ს სახელით აიტვირთა.

კომენტარები