ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

არასამთავრობოები: მემორანდუმი ე.წ. ხრუშჩოვკებზე წინასაარჩევნო მოტივს ჰგავს

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კიდევ ერთი გამოწვევა საჯარო მოხელეების გათავისუფლებაა. მათი განცხადებით, ძალიან პრობლემურია პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელე არჩევნების შედეგ მოვალეობის შემსრულებელი გახდება. არასამთავრობოების შეფასებით, ეს არა მხოლოდ საჯარო მოხელეებზე სერიოზულ ზეწოლად და საარჩევნო პროცესებში მათი იძულებით ჩაბმის მცდელობად აღიქმება, არამედ პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემო“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აწერს.

მათივე აზრით, კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამართლიან საარჩევნო გარემოზე ახდენს გავლენას, სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე სოციალური პროექტის დაწყებაა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო მოტივის დანახვა შეიძლება იმაში, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე იწყება და თბილისში საკრებულოს მიერ ე.წ. ხრუშჩოვკების პრობლემის გადაწყვეტის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

„კონკურენტული საარჩევნო გარემოს არსებობისთვის, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ასეთი პროგრამების ინიციირებისგან წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავოს, რადგანაც ასეთი ქმედებები თავისი არსით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს“, - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კიდევ ერთი გამოწვევა საარჩევნო კანონმდებლობაა. მათი შეფასებით, დარჩენილია საკითხები, რომლებსაც დახვეწა სჭირდებათ. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პარლამენტი განიხილავს ცვლილებების პროექტს საარჩევნო კოდექსში, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე თამაშის წესების ცვლილების არდაშვებაა.

არასამთავრობოების შეფასებით, კიდევ ერთი პრობლემაა ამომრჩეველთა ერთიანი სია, რადგან განხორციელებული ცვლილებებით, აღარ მოხდება ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფდა ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენას და სიებში არსებული უზუსტობების გამორიცხვას. მათი თქმით, ის, რომ აღნიშნულის ნაცვლად, სახელმწიფო სერვისების სააგენტო ბაზაში არსებული სურათების შედარებას და გაორებების გასწორებას აპირებს, ასევე, ფოტოსურათიანი სამაგიდო სიების დაბეჭდვა, არ წარმოადგენს ამომრჩეველთა ბიომეტრიულ რეგისტრაციას და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს მაღალი სანდოობის მქონე ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენას.

მათივე შეფასებით, ის ფაქტი, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილ და მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეუძლიათ, გარკვეულ საფრთხეებს აჩენს ამ ამომრჩევლების ხმების მანიპულირებასთან დაკავშირებით.

არასამთავრობოები გამოწვევად მიიჩნევენ ოლქების საზღვრების დადგენასაც. მათი განცხადებით, ახალი თვითმმართველი თემების შექმნის საკითხი ჯერ არ გარკვეულა და ეს პროცესი საჯარო განხილვებისა და მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კვლავ გაურკვეველია ოლქების საზღვრები და სახელწოდებები, რაც პოლიტიკურ პარტიებს ხელს უშლის საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა/ჩატარებაში.

„მომავალი არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებისა და მერების/გამგებლების არჩევა ხდება, რაც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მოწოდებების მიუხედავად, არ მოხდა მერების/გამგებლებისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის გადახედვა, ძირეულად არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა - კვლავ პრობლემურია მრავალმანდატიანი ოლქების არარსებობა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა“, - ნათქვამია საიას, TI-საქართველოს, ISFED-ის, სიდას და EMC-ის ერთობლივ განცადებაში.

კომენტარები