შალვა თათუხაშვილის საქმე

შოთაძე: თათუხაშვილის საქმის გამოძიებაში ძნელაშვილი და გილაური არ მონაწილეობენ

მთავარი პროკურორის მოადგილე  ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში გამომძიებლები  ძნელაშვილი და გილაური არ მონაწილეობენ.  შოთაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე  გამოძიებას მთავარი პროკურატურის გენინსპექცია აწარმოებს და გამოძიებაში გამომძიებელი ბენდელიანია ჩართული.

„ძნელაშვილი  გამოძიებას  დათა  და ბაჩო ახალაიების  ბრალდების საქმეებზე აწარმოებს. სწორედ ამიტომ მოხვდა  ასეთი დარტყმების ქვეშ. როდესაც ძნელაშვილის წარმოებაშია დათა ახალაიას ბრალდების საქმე, სადაც მას ბრალი ედება  განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში, ხოლო ბაჩო ახალაიას პატიმრების წამება ედება ბრალად, ორივე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია, ლოგიკურია, რომ ამ გამომძიებლის მიმართ  გარკვეულ წრეებში სერიოზული აგრესია არსებობს“,-აცხადებს შოთაძე.

შოთაძე  ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნებამდე თათუხაშვილის ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

„დაზიანებებს რაც შეეხება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს. მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი არის იმ კომპეტენციის მატარებელი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, გასცეს პასუხი  კითხვებზე: რა არის სიკვდილის მიზეზი, არსებობს თუ არა გვამზე დაზიანებები, ამ დაზიანებების ხანდაზმულობა და ა.შ.  მე რომ ახლა დაზიანებებთან დაკავშირებულ კითხვებზე გაგცეთ პასუხი, ეს ჩემი მხრიდან ტყუილი იქნება. დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს. ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას მიღებისთანავე გავასაჯაროებთ. რაც შეეხება საქმეში  საერთაშორისო ექსპერტების ჩართავს, ჯერ დაველოდოთ ადგილობრივი ექსპერტების დასკვნას და მერე დავაყენოთ რამე ეჭქვეშ, თუ რა თქმა უნდა, იქნება ეჭქვეშ დასაყენებელი“,-განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, დღეს  მთავარი პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებები გაასაჯაროვა. უწყებაში განაცხადეს, რომ თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ხსენებულ საქმეზე ბოლო პერიოდში უწყების მისამართით  ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

ცნობისთვის, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი გასულ კვირას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და ადვოკატები მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და პროკურატურას აკისრებენ. მათი მტკიცებით, თათუხაშვილი პროკურატურის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გაიტაცეს და იძულებითი ჩვენება მიაცემინეს.

ოჯახი შალვა თათუხაშვილის წამებასა და გარდაცვალებაში გამომძიებლებს - დავით ძნელაშვილსა და გურგენ გილაურს ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი გამომძიებლების მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა.

გასულ კვირას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოსურათები გაავრცელა, რომელზეც დაზიანებებია ასახული.

 

 

 

კომენტარები