შალვა თათუხაშვილის საქმე

ბეჟაშვილი: პროკურატურამ თათუხაშვილის საქმეზე უფრო მეტი კითხვა გააჩინა

ლევან ბეჟაშვილი

„ჩვენ პროკურატურის ბრიფინგით  აგონიაში მყოფი არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტის მასკარადი მოვისმინეთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს. როგორც ბეჟაშვილი ამბობს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურას თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ოჯახისა და  საზოგადოებისთვის  კონკრეტულ კითხვებზე პასუხები  გაეცა, უწყებამ  ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში  პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

ბეჟაშვილი აცხადებს, რომ  პროკურატურა პოლიტიკურად ანგაჟირებულია და  დაინტერესებულია,  ეს საქმე არ გამოიძიოს. დეპუტატის თქმით, პროკურატურის დღევანდელმა ბრიფინგმა აღნიშნულ საქმეზე  კიდევ უფრო მეტი კითხვა  გააჩინა.

„დღეს ოჯახს, საზოგადოებას აინტერესებს, რატომ მოხდა თათუხაშვილის წამება, რატომ არის მის სხეულზე  წამების ფაქტები აღბეჭდილი. რატომ ხდებოდა თათუხაშვილზე ზეწოლა, რატომ ხდებოდა მისი გატაცება და ა.შ.

ნაცვლად ამ კითხვებისა, ჩვენ მოვისმინეთ ზღაპრები იმის თაობაზე, რომ თურმე თათუხაშვილი  მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმას ითხოვდა. რატომ მოხდა მაშინ ის, რომ თათუხაშვილმა  მისი სახლში მიყვანა მოითხოვა და შემდგომ გამოძიებას გაექცა. თუ ახალაიებისგან თავდასხმას ელოდებოდა, მაშინ რატომ გაექცა პროკურატურის თანამშრომლებს და მის დაცვას, რატომ დადიოდა ქუჩაში თავისუფალად, რატომ ხდებოდა მის მიმართ ტოტალური კონტროლი ვიდეოსაშუალებებით“,-აცხადებს დეპუტატი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  პროკურატურას მოუწოდებს, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად  კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, დღეს პარლამენტმა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით  საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვა.

„ნათლად დაადასტურა პარლამენტმაც, რომ ის  უფლებამოსილი არ არის, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს  და  პროკურატურის ორგანოებისგან იმართება. იმიტომ რომ, პროკურატურის ბრიფინგის თემები და საკითხები ქალბატონმა ეკა ბესელიამ, რომელიც ბოლო დროს  პროკურატურის მთვარი დამცველი გახდა, პრაქტიკულად   პარლამენტის სხდომაზე გააჟღერა. ნათლად დაადასტურა, რომ პარლამენტი დღეს პროკურატურის მხრიდან იმართება“,-აცხადებს დეპუტატი.

ცნობისთვის, დღეს  მთავარი პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებები გაასაჯაროვა. უწყებაში განაცხადეს, რომ თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ხსენებულ საქმეზე ბოლო პერიოდში უწყების მისამართით  ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

„ყოფილი ხელისუფლება მოტივირებულია ერთადერთი მიზნით, რომ ნებისმიერი გზებით და მეთოდებით  პროკურატურის დისკრედიტაცია მოახდინოს, საზოგადოება  შეცდომაში შეიყვანოს და  ბრალდებულ ბაჩანა და დათა ახალაიებს დაეხმაროს, რათა გამართლებული იყვნენ წარდგენილ ბრალდებებში“,-აცხადებენ უწყებაში. 

ცნობისთვის, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი გასულ კვირას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და ადვოკატები მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და პროკურატურას აკისრებენ. მათი მტკიცებით, თათუხაშვილი პროკურატურის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გაიტაცეს და იძულებითი ჩვენება მიაცემინეს.

გასულ კვირას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოსურათები გაავრცელა, რომელზეც დაზიანებებია ასახული.

კომენტარები