შალვა თათუხაშვილის საქმე

პროკურატურა: თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა

მთავარი პროკურატურა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებებს ასაჯაროებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ,  2014 წლის 24 თებერვალს  შალვა თათუხაშვილს პროკურატურიდან ტელეფონზე გამომძიებელი დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ის ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, რადგანაც  იმ დროისთვის მას შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილის თანამდებობა ეკავა. მათივე ცნობით, იმავე დღეს  შალვა  თათუხაშვილი ორ ადვოკატთან, ძმასთან და მეგობართან  ერთად  თბილისის პროკურატურაში გამოცხადდა.

„ ის, რომ მოწმე თათუხაშვილი მარტო  არ იმყოფებოდა  და თბილისის პროკურატურაში საკუთარი ნებით მივიდა,  შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირებით დასტურდება. დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ორი ადვოკატის თანდასწრებით  თათუხაშვილმა წვრილად აღწერა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის  ჩატარების დეტალები და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი დირექტორი დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა. ის რომ ჩვენება ადვოკატების თანდასწრებით იქნა მიღებული, დასტურდება ასევე ორივე ადვოკატისგან მიღებული ჩვენებით, რომელსაც სხვა მასალებთან ერთად წარმოგიდგენთ. დაკითხვისას თათუხაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ ამ ჩვენების გამო შესაძლებელი იყო ახალაიების ოჯახს და გარემოცვას მისი სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნათ რისიც, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ეშინოდა. მან პროკურატურას მიღებული ჩვენების სანაცვლოდ მოსთხოვა მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა, სახელისა და გვარის შეცვლა და  შესაბამისად, ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროკურატურა პირველ ეტაპზე მოწმე თათუხაშვილს დათანხმდა ჩაერთო ის მოწმეთა დაცვის პროგრამაში და ამ მიზნით, შალვა თათუხაშვილისთვის მოხდა კონსპირაციული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე დაენიშნა პირადი დაცვა. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოწმე თათუხაშვილმა ადვოკატებთან ერთად, უვნებელმა დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა, რაც დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალით. ამავე ფირზე ჩანს, რომ მოწმე თათუხაშვილს გარეთ ძმასთან  და მეგობართან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი ელოდებოდა. ასევე, ფირზე ფიქსირდება ისიც, რომ თათუხაშვილი მივიდა ძმასთან და გააფრთხილა მისი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ მოწმე ჯდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი დაცვისთვის გამოყოფილ ოპერატიულ ავტომობილში და მიემართება კონსპირაციული ბინისკენ.

ეს ფაქტიც, ისევე როგორც ყველაფერი ზემოთ ნათქვამი, აღბეჭდილია აქვე წარმოდგენილ ვიდეოფირზე და საგულისხმოა ისიც,  რომ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს, რომელთა თანდასწრებითაც ყველა მოქმედება განხორციელდა, არ გაუპროტესტებიათ“,-აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, 25 თებერვალს, თათუხაშვილმა პირადი ნივთების ასაღებად  დაცვას მის საცხოვრებელ სახლში მიყვანა სთხოვა, საიდანაც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

„ მედიაში გავრცელდა მოწმე თათუხაშვილის მამის გოგი თათუხაშვილის განცხადება, რომ მისი შვილი პროკურატურას ჰყავდა გატაცებული და იყო დაკარგული, თუმცა ოჯახის არც ერთ წევრს შალვა თათუხაშვილის ძებნაზე სამართალდამცავი უწყებების დაინტერესების მიუხედავად, არ მიუმართავს“,-აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით,  18 მარტს, ისანი-სამგორის პოლიციაში ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღამის კლუბიდან შევიდა შეტყობინება, რომ ორი ნასვამი ახალგაზრდა არაადეკვატურად იქცეოდა და პერსონალს აწუხებდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ერთ-ერთი პირი, რომელიც ადგილზე მისულ რაიონულ პოლიციას დახვდა  შალვა თათუხაშვილი აღმოჩნდა.

„როგორც გაირკვა, მოწმე თათუხაშვილი მეგობარ და თანასოფლელ გიორგი.ა-სთან ერთად, ტაქსით გამთენიისას, 18 მარტს ღამის გასართობ დაწესებულებაში მივიდა, რასაც ახლომდებარე შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაარკვია, რომ შალვა თათუხაშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში იყო ჩართული, ის დაუყოვნებლივ ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს. შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირების საშუალებით დგინდება, რომ შალვა თათუხაშვილი გადაადგილდებოდა მარტო, ყოველგვარი ფიზიკური ზეწოლის გარეშე. შენობის შიგნით დაფიქსირებულ ფირზე კი აღბეჭდილია ისიც, რომ მოწმე თათუხაშვილი ასევე მარტო მოძრაობდა პროკურატურის შენობაში და იმ დროისათვის და არც მანამდე მასზე არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ ხორციელდებოდა. ქალაქის პროკურატურაში მოწმე თათუხაშვილისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და დაკითხვა მოხდა. მან დაადასტურა 24 თებერვალს მიცემული ჩვენება და ასევე მისცა განმარტება, თუ სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა გაუჩინარების შემდეგ. მან განაცხადა, რომ ეშინოდა ახალაიების ოჯახის მხრიდან მოსალოდნელი ანგარიშსწორების და იმალებოდა ტყეში. დაკითხვის დასრულების შემდეგ, თბილისის პროკურატურის შენობის შიგნით განთავსებული ვიდეოთვალიდან ამოღებულ ფირზე ჩანს, რომ მოწმე საკუთარი ნებით და აბსოლუტურად უვნებელი ტოვებს შენობას და აქვე ისიც ჩანს, რომ გამომძიებელთან და პროკურორთან უკვე ახლო ურთიერთობაში მყოფი შალვა თათუხაშვილი, მის თანმხლებ პირებს გზასაც კი უთმობს და კარში პირველებს თავაზიანად ატარებს. ამ ფაქტს პროკურატურა იმის გამო აღნიშნავს ხაზგასმით, რომ ახალაიების ოჯახის წევრები და თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, თითქოს სწორედ ამ დღეს აწამეს აწგარდაცვლილი შალვა თათუხაშვილი, ვიდეოფირზე დაფიქსირებული ფაქტი კი საპირისპიროს ადასტურებს. მოწმის წამების შემთხვევაში შალვა თათუხაშვილი ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და მითუმეტეს არ ექნებოდა ახლო და თავაზიანი ურთიერთობა გამომძიებლებთან. შენობიდან გამოსული შალვა თათუხაშვილი პირდაპირ მეუღლის სახლში მივიდა, რაც ასევე დასტურდება ქუჩის ვიდეოთვალებიდან უწყვეტ რეჟიმში ამოღებული ვიდეოფირით. თათუხაშვილმა თბილისის პროკურატურიდან ე.წ. სოკარის ბენზინგასამართ სადგურამდე იარა ფეხით,  შემდეგ ტაქსიში ჩაჯდა და  ჟვანიას მოედანზე მივიდა.  ამის შემდეგ მეუღლის ტელეფონიდან შალვა თათუხაშვილი დაუკავშირდა გამომძიებელ ძნელაშვილს და განუცხადა, რომ ახალი ტელეფონის აღებამდე მასთან დაკავშირებას პროკურატურა ამ ნომერზე შეძლებდა, მოგვიანებით თათუხაშვილი ურეკავს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელს ძმის ტელეფონიდან და იგივე შინაარსის ტექსტს ეუბნება. საგულისხმოა ის, რომ ოჯახის წევრები და ადვოკატები, ვინც შალვა თათუხაშვილის გაუჩინარების ამბავზე განცხადებებს აკეთებდნენ, შალვა თათუხაშვილის ოჯახში გამოჩენის შემდეგ აღარ გამოსულან და არ უთქვამთ, რომ ე.წ. გაუჩინარებული მოწმე გამოჩნდა.

20 მარტს, შალვა თათუხაშვილს ისევ ქუჩის ვიდეოთვალი აფიქსირებს ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უკვე ჩვენს მიერ ხსენებულ ღამის გასართობ დაწესებულებასთან, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.
21 მარტს, შალვა თთუხაშვილი მიდის თელეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში და აცხადებს, რომ დაკარგა ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანის მოწმობა, რასაც ადასტურებს თათუხაშვილის მიერ დაწერილი განცხადებაც. აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების მეორე დღეს მოწმე თათუხაშვილის მამა გოგი თათუხაშვილი სოციალური ქსელით აქვეყნებს სწორედ ამ დაკარგული მოწმობის ფოტოს, რასაც ტირაჟირებას უკეთებს ახალაიას მეუღლე“,-აცხადებენ უწყებაში.

საგამოძიებო უწყებამ თათუხაშვილის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.პროკურატურაში აცხადებენ, რომ  ნაციონალური მოძრაობის და ახალაიების ოჯახის წევრების განცხადებები  ყოველგვარ ზნეობრივ  ზღვარს სცდება. უწყებაში მიიჩნევენ რომ მოწმე თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტით  ე.წ  ნავთლუღის სპეცოპერაციის  და სანდრო გირგვლიანის საქმეების გადასაფარად პოლიტიკური სპეკულირება ხდება.

„პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სანდრო გირგვლიანის საქმის ისე წარმოჩინებას ცდილობენ, თითქოსდა გირგვლიანზე ძალადობა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა კი არა, მისმა მეგობარმა ბუხაიძემ განახორციელა,  რაც სრული სიცრუეა. 
რაც შეეხება ადვოკატების განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ შალვა თათუხაშვილის ჩვენება ერთადერთია ე.წ. „ნავთლუღის საქმეში“, მოგახსენებთ, რომ საქმეში არსებობს სხვა პირების  არაერთი მამხილებელი ჩვენება, რომელიც თანხვედრაშია თათუხაშვილის ჩვენებასთან და ადასტურებს ახალაიას ბრალეულობას ამ საქმეში. აღნიშნულ ჩვენებებს შალვა თათუხაშვილის ჩვენებასთან ერთად მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს, რადგან საზოგადოება დარწმუნდეს, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით, მოქმედი სამართალდამცავები იარაღის მუქარის ქვეშ არ იღებენ ჩვენებებს.
მთავარი პროკურატურა მოუწოდებს ყველა მხარეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებების და სიცრუის ტირაჟირებისგან“,-აცხადებენ უწყებაში. 

როგორც პროკურატურაში აცხადებენ,  აღნიშნულ საქმეზე ბოლო პერიოდში უწყების მისამართით  ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

„ყოფილი ხელისუფლება მოტივირებულია ერთადერთი მიზნით, რომ ნებისმიერი გზებით და მეთოდებით  პროკურატურის დისკრედიტაცია მოახდინოს, საზოგადოება  შეცდომაში შეიყვანოს და  ბრალდებულ ბაჩანა და დათა ახალაიებს დაეხმაროს, რათა გამართლებული იყვნენ წარდგენილ ბრალდებებში“,-აცხადებენ უწყებაში. 

ცნობისთვის, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი გასულ კვირას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და ადვოკატები მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და პროკურატურას აკისრებენ. მათი მტკიცებით, თათუხაშვილი პროკურატურის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გაიტაცეს და იძულებითი ჩვენება მიაცემინეს. გასულ კვირას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოსურათები გაავრცელა, რომელზეც დაზიანებებია ასახული.

კომენტარები