საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 2007 წლის 18 დეკემბერს, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
სახალხო დამცველი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების კანონიერი უფლებების დაცვისა და საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობის მიზნით, დანერგოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა ადრეული სავალდებულო სკრინინგი და დიაგნოსტიკა, განავითაროს ადრეული ინტერვენციისა და ბავშვთა განვითარების სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამები, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება, მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობისათვის.
"აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი შეზღუდვების ჯგუფს. საქართველოში ყოველი 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს. აუტიზმზე ეჭვის მიტანა დღეს 18 თვიდან შეიძლება. დროული დიაგნოსტიკა და სწორი თერაპია კი, მაქსიმალურად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს, მიიღოს საშუალო/უმაღლესი განათლება და დამოუკიდებლად იცხოვროს.
სკრინინგის არარსებობა, გვიანი დიაგნოსტიკა, ადრეული ინტერვენციის აუცილებლობა, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და სხვა სოციალური პროგრამების სიმწირე პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად აწყდებიან", - წერია განცხადებაში.
უჩა ნანუაშვილის ცნობით, 2013 წლის 30 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია "ყოველმხრივი და კოორდინირებული ძალისხმევით აუტისტური სპექტრის აშლილობის მართვის" შესახებ. წელს, ამ დღესთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მთავარი მოწოდებაა, მონაწილე მხარეებმა გააკეთონ ყველაფერი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების განათლების მხარდაჭერის, დასაქმების შესაძლებლობების ზრდისა და სხვა ყველა იმ ზომის გატარებისათვის, რომელიც აუცილებელია ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისათვის.
"ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების კანონიერი უფლებების დაცვისა და საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დანერგოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა ადრეული სავალდებულო სკრინინგი და დიაგნოსტიკა, განავითაროს ადრეული ინტერვენციისა და ბავშვთა განვითარების სარებილიატაციო სახელმწიფო პროგრამები, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება, მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობისათვის", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.





