შალვა თათუხაშვილის საქმე

ზაქარეიშვილი: გამომძიებლის შედგენილ ოქმზე თათუხაშვილის ხელმოწერა არ არის

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გამომძიებელ დავით ძნელაშვილის მიერ შალვა თათუხაშვილის საქმეზე შედგენილ ოქმს ასაჯაროებს. ადვოკატის ინფორმაციით, ოქმი დავით ძნელაშვილმა იმის დასადასტურებლად შეადგინა, თითქოს შალვა თათუხაშვილმა თანხმობა განაცხადა მოწმის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვაზე.

"ხსენებული ოქმი ხელმოწერილია გამომძიებელ დავით ძნელაშვილის მიერ, ხოლო "დასაცავი პირის" შალვა თათუხასვილის ხელმოწერა ოქმზე არ აღინიშნება.

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში მოწმის ჩართვას – დასაცავი პირის თანხმობის გარეშე. ასეთი თანხმობა შალვა თათუხაშვილს მიცემული არ აქვს.

ზემოაღნიშნულით როგორც მინიმუმ დასტურდება, რომ განხორციელდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია, რაც გამოყენებული იქნა შალვა თათუხაშვილისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესანიღბად.
(დანაშაულები გათვალისწინებული საქ. სსკ–ის 143–ე მეხლის მე–4 ნაწილით; 333–ე მუხლის მე–3 ნაწილით; 335–ე მუხლის მე–2 ნაწილით; 369–ე პირველი პრიმა მუხლის მე–3 ნაწილით).

(ოქმზე გამომძიებლ დ. ძნელაშვილის ხელმოწერის კალიგრაფიული სტილი არ შეიცავს მისი გვარ–სახელის შემადგენელი ასოების კომპონენტებს და ხელმოწერის გრაფილული მოცემულობა წარმოადგენს პენტაგრამას)" - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი facebook-ის პირად გვერდზე.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, შალვა თათუხაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩართულიყო ე.წ. მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში.

"მისი სურვილის გათვალისწინებით, 2014 წლის 24 თებერვალს, გამოტანილ იქნა დადგენილება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ და შალვა თათუხაშვილს დაენიშნა პირადი დაცვა. მალევე, მისივე თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მოეხსნა დანიშნული დაცვა" - აცხადებს უწყება.

კომენტარები