შალვა თათუხაშვილის საქმე

ნატო თათუხაშვილი: შალვას პირადად ძნელაშვილი და გილაური აწამებდნენ

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

ნატო თათუხაშვილმა, თოქშოუში არჩევანი, შალვა თათუხაშვილის ბოლო სიტყვებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

"გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე შალვა იმყოფებოდა ჩემს ოჯახში, სადაც მან მომიყვა, რომ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი, თავზე ედოთ იარაღი და ყურებთან ისროდნენ იარაღს. მან ასე მითხრა: როგორ არ მოვაწერდი, ნატო, ხელს, მაგრამ მათ ჩემი იმედი არ აქვთ, რადგან იციან, რომ მე სასამართლოზე ვიტყვი სიმართლეს - ეს არის ჩემი ძმის სიტყვები"  

ნატო თათუხაშვილი გამორიცხავს იმას, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტოებზე, სხეულის დაზიანებები რაიმე ტიპის კანის დაავადებაა, რადგან, მისი თქმით, მის ძმას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა და არც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო. თუმცა, ის არ გამორიცხავს ფაქტს, რომ ის სიცოცხლის ბოლო დღეებში მედიკამენტოზური ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და სავარაუდოა რომ იგი მოწამლეს. 

თათუხაშვილების ოჯახი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს, იმ დრომდე, სანამ საერთაშორისო ექსპერტები არ ჩაერთვებიან გამოძიების პროცესში. ნატო თათუხაშვილი ამბობს, რომ ის ვერ ენდობა იმ გამოძიებას, რომელსაც ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომელთაც პირადად აწამეს მისი ძმა და მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომელშიც იგი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა. მან პირდაპირ დაასახელა დავით ძნელაშვილი და გურგენ გილაური და განაცხადა, რომ მისი ძმა პირადად ამ ორი ადამიანის ნაწამებია. მან ასევე თქვა, რომ შალვა თათუხაშვილი არ საუბრობდა იმაზე, თუ სად იმყოფებოდა იმ დღეებში, როდესაც ის გაუჩინარებული იყო. 

ოჯახი მზად არის სახალხო დამცველის აპარატთან სათანამშრომლოდ, თუმცა ამ დრომდე სახალხო დამცველის აპარატიდან, ნატო თათუხაშვილის განცხადებით, ჯერ არავინ დაკავშირებიათ. 

 

კომენტარები