შალვა თათუხაშვილის საქმე

ენმ თათუხაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. როგორც  ნადირაშვილმა აღნიშნა, სხვანაირად ეს საკითხი ამოწურული ვერ იქნება და კითხვის ნიშნები მუდმივად დარჩება.

ნადირაშვილი პროკურორების დავით ძნელაშვილისა და გურგენ გილაურის დაპატიმრებასაც მოითხოვს. ოჯახი შალვა თათუხაშვილის წამებასა და გარდაცვალებაში სწორედ დავით ძნელაშვილსა და გურგენ გილაურს ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი პროკურორების მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა.

„მე მათი დაპატიმრება იმ მოტივით მოვითხოვე, რომ მათ აქვთ ხელმისაწვდომობა საქმეზე, საქმის მასალების გაყალბება და მოწმეებზე ზეწოლა შეუძლიათ. იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები დააკავონ და საქმეს ჩამოაცილონ, ჩვენ წუხელ გვიან ღამით გავიგეთ, რომ პირადად დავით ძნელაშვილმა შალვა თათუხაშვილის ბიძაშვილს ქეთევან კობიაშვილს დაურეკა და  დაკითხვაზე დაიბარა. ჩვენთვის არ განუმარტავთ, ფორმალურად რა საქმეზე შეიძლება დაკითხონ ქალბატონი ქეთევანი.

ეს მაგალითი ადასტურებს, რომ პროკურატურა არანაირად არ აპირებს საქმის გამოძიებას. ეს საქმე მინდობილი აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახი მკვლელებად თვლის. ჩვენ დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ეს პროკურორები თავად იძიებენ თავის საქმეს - მიიყვანეს თუ არა შალვა თათუხაშვილი წამების შედეგად სიკვდილამდე“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

შალვა თათუხაშვილის ბიძაშვილმა ქეთევან კობიაშვილმა კი აღნიშნა, რომ იგი ძნელაშვილისა და გილაურის გარდა, ყველა პროკურორთან ითანამშრომლებს.

„ნებისმიერ სხვა გამომძიებელთან და პროკურორთან, გარდა გურგენ გილაურისა და დავით ძნელაშვილისა, მზად ვარ ვითანამშრომლო, პასუხი გავცე კითხვებს, მაგრამ არა ჩემი ბიძაშვილის მკვლელებთან. მანამდე პროკურატურას შეუძლია გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება ჩემს მიმართ, იძულება იქნება ეს, თუ სხვა. მე ამის არ მეშინია. ეს არის ზეწოლა ოჯახზე, ნათესავებზე, რომ ჩვენ შალვას წამების და მკვლელობის საქმე არ გამოვიძიოთ და ბოლომდე არ მივიყვანოთ“, - განაცხადა კობიაშვილმა.

ცნობისთვის, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი გასულ კვირას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და ადვოკატები მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და პროკურატურას აკისრებენ. მათი მტკიცებით, თათუხაშვილი პროკურატურის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გაიტაცეს და იძულებითი ჩვენება მიაცემინეს.

გასულ კვირას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოსურათები გაავრცელა, რომელზეც დაზიანებებია ასახული.

 

კომენტარები