საზოგადოება

C ჰეპატიტის პროგრამა - მნიშვნელოვანი შემობრუნების დასაწყისი?

2008 წელს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის და შიდსის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით მოსახლეობის 6%-ზე მეტი ანუ 200 000-მდე ადამიანია დაავადებული.

C ჰეპატიტის დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენად აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ შიდსისგან განსხვავებით, ეს დაავადება პრინციპში განკურნებადია, მკურნალობის სიძვირის გამო (20 000 აშშ დოლარამდე), ჩვენში დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დიაგნოსტირების ჩატარებასაც არ ფიქრობს – ეს კიდევ უფრო ზრდის დაავადების გავრცელების საშიშროებას.

წლების განმავლობაში სახელმწიფო არანაირ აქტივობას არ იჩენდა ამ, ფაქტობრივად, ეროვნული კატასტროფის შესაჩერებლად. (C ჰეპატიტის გავრცელების მასშტაბით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში).

წელს გამოცხადებული „C ჰეპატიტის პროგრამა სამოქალაქო სექტორისთვის“ შესაძლოა მნიშვნელოვანი შემობრუნების დასაწყისად აღვიქვათ. პროგრამის ფარგლებში 2014-2015 წლებში სამოქალაქო სექტორის 10 000 პაციენტისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის (1 ამპულა პეგილირებული ინტერფერონისა და 1 კოლოფი რიბავირინის, მწარმოებელი შვეიცარიული F. Hoffmann – La Roche) ღირებულება შეადგენს 92,88 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, რაც დღეს საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებულ ფასზე 60%-ით ნაკლებია. პაციენტთა რეგისტრაცია 1 თებერვალს დაიწყო, მედიკამენტების ფასდაკლებით შესყიდვა შესაძლებელი იქნება 1 ივლისიდან.

დაინტერესებულმა პაციენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს (თბილისი, წერეთლის გამზ. #144) ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს. რეგისტრაციისათვის აუცილებელია პაციენტის პირადობის მოწმობის ასლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100/ა) წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დიაგნოზის, ჩატარებული კვლევების, მათი შედეგების და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ.

დარეგისტრირებული პაციენტის დოკუმენტაცია განიხილება კომისიურად და დადებითი პასუხის შემთხვევაში, გაიცემა თანხმობის წერილი.

პირველ ეტაპზე დაიწყება კომისიის მიერ შერჩეული 750 პაციენტის მკურნალობა. თუ გავითვალისწინებთ პრეპარატის ფასს (6-თვიანი კურსი – 2200 აშშ დოლარი, დიაგნოსტიკა – 1500 ლარამდე), მკურნალობის დაწყების მსურველთა რაოდენობა ამ ეტაპზე ბევრად მეტი არ იქნება. 1 ივლისიდან მედიკამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორმაციო ბაზაზე დაფუძნებით შეთანხმდება მომწოდებელთან ყოველკვირეულ რეჟიმში – მცოცავი გრაფიკის პრინციპით – რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად მედიკამენტის უწყვეტ მარაგს 2014-2015 წწ. პერიოდისათვის.

მართალია, სახელმწიფო მკურნალობის არანაირ თანადაფინანსებას არ ახდენს (სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვისაც კი), მაგრამ წამლის გაიაფება სახელმწიფოს მიერ ჩატარებულმა ტენდერმა გამოიწვია, რომელიც თავიდან მსჯავრდებულთა სამკურნალოდ იყო გამიზნული. ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას იღებს, 10 000 C ჰეპატიტით ინფიცირებული მოქალაქისთვისაც იგივე ფასი დააფიქსიროს ქსელში, რა ფასადაც სამინისტრო მედიკამენტებს 1000 მსჯავრდებულის მკურნალობისთვის შეიძენს. ამის შედეგად მოხდა პრეპარატის დიდი ოდენობით შეძენა, რამაც ფასი საგრძნობლად შეამცირა.

თუმცა აშკარაა, რომ ეს ფასიც 200 000 ინფიცირებულის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის იქნება.

C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ორმაგი, ასევე სამმაგი თერაპია, თუმცა, სამმაგი თერაპიის სიძვირიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების სისტემაში ძირითადად ორმაგი თერაპიით მკურნალობა იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი სამმაგი კომპონენტით მკურნალობას საჭიროებს, სამინისტრო მას თანადაფინანსებას და მესამე კომპონენტის საკუთარი ხარჯებით შეძენას სთავაზობს.

აქტივისტები – პაციენტთა თემის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გადაიდგა პირველი რეალური ნაბიჯი C ჰეპატიტის პრობლემის გადაჭრის გზაზე, მაგრამ მედიკამენტების ფასის თუნდაც 60%-იანი დაწევა მაინც ვერ უზრუნველყოფს ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა +“-ის აღმასრულებელი დირექტორის, კოტე რუხაძის ინფორმაციით, განიხილებოდა სოციალურად დაუცველ პაციენტთა მკურნალობის ხარჯების დაფარვა – 75 000 ქულამდე 100%-ით, 75 000-100 000 ქულამდე – 90%-ით, მაგრამ ამ ეტაპზე სახელმწიფოს როლი მხოლოდ ფარმაკომპანიებთან მოლაპარაკებით შემოიფარგლა.

უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო რესურსების (ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკურის) გამოყენება ამ ეროვნული მასშტაბის პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვნად განაპირობა არასამთავრობო ორგანიზაციების და პაციენტთა თემის აქტივობამ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ა/ო „ჰეპა +“; ა/ო „ახალი ვექტორი“; „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“, „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და „მსოფლიო ექიმები –საფრანგეთის“ მხარდაჭერით რეგულარულად ატარებდა აქციებს ბედის ანაბარად მიტოვებული 200 000 ადამიანის პრობლემით საზოგადოების დასაინტერესებლად.

ერთ-ერთმა „ცნობადმა სახემ“ სატელევიზიო ეთერშიც კი განაცხადა, რომ C ჰეპატიტი ნარკომანების დაავადებაა, კეთილი ინებონ და თვითონვე მიხედონ თავსო. თითქმის ასეთივე დამოკიდებულება იყო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდანაც, C ჰეპატიტი აღიარებული იყო ტვირთად, მაგრამ უხეში გათვლებით, საქართველოს ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, ამ პრობლემის მოგვარებას ასტრონომიული თანხები სჭირდებოდა, ამიტომ C ჰეპატიტი არ ხვდებოდა ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტებში.

მართალია, ნარკომომხმარებელთა ინფიცირების რისკი უფრო მაღალია (განსაკუთრებით, როცა ნარკომოხმარება კრიმინალიზებულია), მაგრამ ინფექცია არ არჩევს მსხვერპლს მათი ცხოვრების სტილის მიხედვით. დასნებოვნების რისკი მაღალია საინექციო, სამედიცინო ინსტრუმენტების და სტომატოლოგიური იარაღების მოხმარებისას, ინფიცირებული ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს, პირსინგის და ტატუირების, აკუპუნქტურის, პედიკურისა და მანიკურის გაკეთებისას. მსოფლიოში დღეისათვის 150-180 მილიონამდე C ჰეპატიტით დაავადებულია, მათგან კი მხოლოდ 10 მილიონია ნარკომომხმარებელი.

კოტე რუხაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს წლების განმავლობაში არაფრის მოსმენა არ უნდოდა ამ პრობლემის შესახებ. „მხოლოდ საზოგადოებრივმა აქტივობამ აიძულა გადაწყვეტილების მიმღები პირები, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ შევთავაზეთ მათ რაციონალური ინიციატივა, მაგალითად, მსჯავრდებულთათვის მედიკამენტების შეძენა, რამაც დაგვანახა, რომ შესაძლებელია ფარმაკომპანიებთან ფასის დაწევაზე შეთანხმების მიღწევა პრეპარატის დიდი პარტიის შესყიდვის შემთხვევაში“.

C ჰეპატიტის პროგრამა შემუშავდა სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიან კლინიცისტები, ფინანსისტები, ინფექციონისტები, პაციენტთა თემის წარმომადგენლები. ჯგუფის წევრი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ნატა ავალიანი ამბობს, რომ სახელმწიფო მოხელეთა სკეპტიციზმის გადასალახად ძალიან კარგი არგუმენტი იყო ეგვიპტის გამოცდილება. ეგვიპტეში პრეპარატზე ფასის კლება სახელმწიფო პოლიტიკამ გამოიწვია, რადგან იქ მოსახლეობის 15% დაავადებულია და ისინი მასობრივად საჭიროებდნენ მკურნალობას. პოლიტიკური ნების გაჩენის შედეგად, ეგვიპტეში F. Hoffmann – La Roche-ის პეგილირებული ინტერფერონის ერთი ამპულის ღირებულება 41 აშშ დოლარია, მისი ეგვიპტური ანალოგით, რეინფერონით მკურნალობის 6-თვიანი კურსი კი 1000 აშშ დოლარამდე ღირს.

1 ივლისიდან, F. Hoffmann – La Roche-ის პეგილირებული ინტერფერონის საქართველოში დაფიქსირებული ფასი მეორე იქნება სიიაფით ეგვიპტის შემდეგ.

ეგვიპტეში F. Hoffmann – La Roche-ის პრეპარატებზე ფასების კლების ერთ-ერთი მიზეზი იყო მათი ეგვიპტური ანალოგის რეინფერონის არსებობა. ჯერჯერობით ამ პრეპარატის ზუსტი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ ეგვიპტეში განსაკუთრებით გავრცელებულ, C ჰეპატიტის მე-3-მე-4 გენოტიპის შემთხვევებში მისი ეფექტურობა დამტკიცდა. რეინფერონის მწარმოებელ კომპანია მინაფარმს მსოფლიო ფარმაბიზნესის ლიდერ F. Hoffmann – La Roche-ისგან განსხვავებით შესაძლოა მენეჯმენტში გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ეგვიპტეში გადაწყვიტეს, რომ მათთვის C ჰეპატიტის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია და რეინფერონი რეგისტრაციაში გაატარეს. შედეგად, იქ F. Hoffmann – La Roche-ის პრეპარატებზეც საგრძნობლად დაეცა ფასი.

საქართველოში, სადაც 6,7% C ჰეპატიტით ინფიცირებულია, რეინფერონს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

მართალია, ეგვიპტეში C ჰეპატიტის პრეპარატების ყველაზე დაბალი ფასია დაფიქსირებული, მაგრამ იქ მდგომარეობა მაინც მძიმეა. ექსპერტები თვლიან, რომ ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პრევენციის ზომებისადმი ნაკლები ყურადღებაა.

ამ მხრივ ჩვენთანაც მძიმე სიტუაციაა. თავი რომ დავანებოთ დეზინფექციის ზომებისადმი უყურადღებობას, მაღალი ფასების გამო, ბევრი დიაგნოსტირებასაც ვერ ახერხებს. შეიძლება ადამიანი C ჰეპატიტით დაავადებული და გამავრცელებელი იყოს და მან ამის შესახებ არც კი იცოდეს.

აქტივისტები თვლიან, რომ აუცილებელია დიაგნოსტირების ფასის დაწევაც და ფიქრობენ, რომ ამის რესურსიც არსებობს. მაგალითად, აჭარაში დიაგნოსტირება მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხდება.

C ჰეპატიტის გავრცელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორი ნარკომოხმარების კრიმინალიზაციაა. აღიარებულია, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა სისხლით გადამდები ინფექციების ზრდას იწვევს, რადგან მომხმარებლებს რეპრესიულ გარემოში უძნელდებათ სტერილური შპრიცების შოვნა. 2006 წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც აივ/შიდსს მიეძღვნა, გამოცხადდა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ყველასათვის სრული რეალიზაცია წარმოადგენს აივ/შიდსის პანდემიასთან ბრძოლის ძირითად კომპონენტს“.

სამწუხაროდ, ნარკოპოლიტიკა საქართველოში, დღემდე, ზემონახსენები „ცნობადი სახის“ ლოგიკით ხელმძღვანელობს.

კომენტარები