ვითარება უკრაინაში

კერიმ და ლავროვმა უკრაინის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

telegraph.co.uk

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარიზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე უკრაინის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრამდე სერგეი ლავროვმა რუსეთის მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა - საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყნის ფედერალიზაციის გათვალისწინებით, რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება და უკანონო ფორმირებების განიარაღება. შეხვედრის შემდეგ ჯონ კერიმ განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნის ხელისუფლების გარეშე ვერ გადაწყდება. რაც შეეხება ფედერალიზაციას, მისი თქმით, ეს თავად უკრაინელების გადასაწყვეტია. შეერთებული შტატები და რუსეთი კონსულტაციებს გააგრძელებენ.

”ამერიკას და რუსეთს კრიზისის მიზეზების თაობაზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ ორივე მხარე აღიარებს დიპლომატიური გადაწყვეტილებისა მოძებნისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების დაკმაყოფილების აუცილებლობას. მინისტრ ლავროვს ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ქმედებებს უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს, ისინი საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება. უკრაინაში ნებისმიერი რეალური პროგრესის წინაპირობა უნდა იყოს რუსული ძალების გაყვანა უკრაინის საზღვრებიდან, რადგან ისინი უკრაინაში შიშისა და დაშინების ატმოსფეროს ქმნის”, - თქვა ჯონ კერიმ.

სერგეი ლავროვის თქმით კი, ”კრიზისის მიზეზების თაობაზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ შევთანხმდით, რომ შეხების წერტილების ძიებას გავაგრძელებთ. შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ უკრაინის ხელისუფლებასა და უკრაინელ ხალხთან ერთად მშვიდობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა უმცირესობების უფლებები, ენების საკითხი, უკანონო ფორმირებებისა და პროვოკატორების განიარაღება, ინკლუზიური კონსტიტუციური რეფორმა და არჩევნების ჩატარება საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობით”.

კომენტარები