შალვა თათუხაშვილის საქმე

ნანუაშვილი: თათუხაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მზად კვირის ბოლოს იქნება

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება. ომბუდსმენმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძესთან ერთად მთავარ პროკურატურაში მთავარ პროკურორს შეხვდა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, მათ შესაძლებობა ჰქონდათ გარკვეულ მასალებს გაცნობოდნენ. უჩა ნანუაშვილის თქმით, პროკურატურა მზად არის საკითხი გასაჯაროვდეს და საქმის გამოძიებაში ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთოს. ომბუდსმენის განცხადებით, მათ პროკურატურისგან მიიღეს გარანტია, რომ ყველა მასალაზე ექნებოდათ წვდომა.

“როგორც ვიცი, მიმდინარე კვირის ბოლოს იქნება მზად სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს”, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ნანუაშვილის განცხადებით, თათუხაშვილის საქმეზე საეჭვო გარემოებები ადვოკატის მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ფოტომასალაზე ასახული დაზიანებებია, თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, უნდა მოხდეს შესწავლა და დასკვნა დაიდოს - როდის და რა გარემოებებში მოხდა მსგავსი დაზიანებების მიყენება.

გარდა ამისა, უჩა ნანუაშვილი აპირებს, რომ შეხვდეს თათუხაშვილის ოჯახის წევრებს. 

ცნობისთვის, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი გასულ კვირას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და ადვოკატები მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და პროკურატურას აკისრებენ. მათი მტკიცებით, თათუხაშვილი პროკურატურის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გაიტაცეს და იძულებითი ჩვენება მიაცემინეს. 

გასულ კვირას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოსურათები გაავრცელა, რომელზეც აღნიშნულია დაზიანებები.

კომენტარები