უკრაინა

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობას აპირებს

უკრაინის ყოფილმა პრემიერმა, რევოლუციის შემდეგ ციხიდან გათავისუფლებულმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. შესაბამისი გადაწყვტილება 29 მარტს პარტია ბატკივშჩინას ყრილობამ უნდა დაამტკიცოს. ტიმოშენკო უკრაინელებს კორუფციასთან ბრძოლას, რუსული აგრესიისგან დაცვას და ყირიმის დაბრუნებას ჰპირდება.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ვიტალი კლიჩკომ, რომელიც ასევე პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს, მეორე ტურში შესაძლოა მხარი სხვა კანდიდატს - დეპუტატსა და მსხვილ ბიზნესმენს პეტრო პოროშენკოს დაუჭიროს. ამის შესახებ კლიჩკომ ლონდონში განაცხადა, სადაც პოროშენკოსთან ერთად ჩავიდა.

ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, პოტენციურ კანდიდატებს შორის სწორედ პოროშენკო ლიდერობს, მას გამოკითხულთა 25 პროცენტამდე უჭერს მხარს. კლიჩკოს რეიტინგი 9 პროცენტამდეა, იულია ტომშენკოსი - 8 პროცენტამდე.

ბოლო დრეებში რუსეთი უკრაინის საზღვრების მთელ პერიმეტრზე ძალების მობილიზაციას აწარმოებს, ამას ამერიკული დაზვერვის ანგარიშიც ადასტურებს, რომლის შესახებაც სიენენი იუწყება. ამ ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსული ძალების შეჭრის ალბათობა ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 30 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ასეულობით ერთეული ტექნიკა აქვს მობილიზებული.

კომენტარები