სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ნანუაშვილი: თუ არსებობს სააკაშვილის მიმართ კითხვები, უნდა გაეცეს პასუხი

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, „ის აჟიოტაჟი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით შეიქმნა, ბუნებრივი არ არის“. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია.

„თუ არსებობს კითხვები, უნდა გაეცეს პასუხი. აქ საუბარია იმაზე, რომ შეიძლებოდა თუ არა ამ დაკითხვის სხვა ფორმით ორგანიზება თუნდაც სკაიპის ან სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. ან თუნდაც საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები გამგზავრებულიყვნენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან. მე ვფიქრობ, არის რაღაც ფორმები მოსაგონი იმისათვის, რომ მოხდეს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც აინტერესებს გამოძიებას“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. სააკაშვილი საგამოძიებო ორგანოში დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.

კომენტარები