სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ბარამიძე: პროკურატურა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გადაიქცა

timer.ge

”საქართველოში საგამოძიებო ორგანო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გადაიქცა”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ბარამიძე აცხადებს. ბარამიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. დეპუტატის თქმით, პროკურატურას, ფაქტობრივად, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს. 

”საქართველოში საგამოძიებო ორგანო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გადაიქცა. ამას ადასტურებს ისიც, რომ დღეს ამ სტრუქტურას, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც გერმანიაში ნასამართლევი იყო. მას აქვს კონკრეტული დავალებები ივანიშვილისა და ღარიბაშვილისგან, რომ აკეთოს ის საქმე, რაც აქვს ამოცანად დასახული ივანიშვილს - ებრძოლოს მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს”, - აცხადებს ბარამიძე.

სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას საპარალმენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკიც ეხმაურება. 

”თუ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას  სურს, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ვლადიმერ პუტინს იმაში, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეაფერხოს, მაშინ ეს საქართველოს ხელისუფლების არჩევანია. მაგრამ, მიხეილ სააკაშვილმა ამ სპექტაკლში, რომლის ამოცანაც სწორედ საქართველოს ევროპისკენ სვლის შეჩერება და ახალი შოუს წამოწყებაა, რა თქმა უნდა, მონაწილეობა არ უნდა მიიღოს”, - ამბობს კანდელაკი.

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღესაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს. სააკაშვილი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები