ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის რეკომენდაციები

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტმა მეთექვსმეტე შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი მიიღო. რეკომენდაციები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ეხება. დოკუმენტში, რომელსაც ხელი უკვე მოეწერა, პოლიტიკური ნიშნით დევნასა და შერჩევით სამართალზეცაა საუბარი. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარის მილან ცაბრნოხის განცხადებით, ეს რეკომენდაცია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას არ უკავშირდება.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღეს ეს თემა საქართველოში აქტუალურია და საზოგადოება დაინტერესებულია, თუმცა კონკრეტულად ეს არ ყოფილა ჩვენი საუბრის თემა, ჩვენ არ გვისაუბრია კონკრეტულ ადამიანებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ყველა პარლამენტარს, პოლიტიკოსს, თავიდან იქნას აცილებული ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს ეჭვას, რომ არის პოლიტიკური რევანში და რაიმე ხორციელდება შერჩევითი სამართლის გამო" - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარემ მილან ცაბრნოხმა.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, რეკომენდაცია ყველა პოლიტიკურ ძალას ეხება და კონკრეტულად ხელისუფლების ყოფილ წევრებზე არ არის საუბარი. უმცირესობის შეფასებით კი, ოპოზიცია პოლიტიკური ნიშნით დევნას ვერ განახორციელებს და რეკომენდაციების მიღება ორმხრივი თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები დღეს გორში ჩავლენ, სადაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს რაიან გრიტსს შეხვდებიან. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებიც.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი 1999 წელს შეიქმნა.

კომიტეტი მიღებული შეთანხმებების შესრულების საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს.

კომენტარები