ბირთვული უსაფრთხოების სამიტი

პრემიერი: ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხე ყველაზე მგრძნობიარე საკითხია

„ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილის, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვისპირეთის ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხე, ყველაზე მგრძნობიარე საკითხია“, - თქვა ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. გამოსვლის ტექსტს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ღარიბაშვილის თქმით, ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან სუსტია, აქაც კონტრაბანდის საფრთხე საკმაოდ რეალურია. „ეს საკითხი არამხოლოდ ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც პრობლემატურია. მოგიწოდებთ, შემომიერთდეთ, რათა სათანადო ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს“, - მიმართა ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს. 

ღარიბაშვილი აქცენტს საქართველოში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე აკეთებს. როგორც პრემიერი ამბობს, 2012 წლის სამიტის შემდეგ საქართველომ  ქვეყანაში, რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ბირთვული მასალების კონტრაბანდისა და ბირთვული ტერორიზმის პრევენციის კუთხით მუშაობა გაააქტიურა. „საქართველომ ბირთვული უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზა გააფართოვა, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა განავითარა და საერთაშორისო თანამშრომლობა გააღრმავა“, - აზუსტებს პრემიერი.

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, საქართველო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განმტკიცების მიზნით, გაერო-სთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ევროკავშირთან, NATO-სა და ეუთო-სთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

„განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, თვითკმაყოფილება გაუმართლებელია, ვინაიდან საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას“, - დასძენს ღარიბაშვილი.

გამოსვლის დაწყებისას კი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს მიმართა: „ჩვენ რთული და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ხოლო ჩვენი რეაგირება რამდენად ლეგიტიმური და ეფექტიანი იქნება, ჩვენს თანამშრომლობაზეა დამოკიდებული".

ბირთვული უსაფრთხოების მე-3 სამიტი ჰააგაში დღეს გაიხსნა. სამიტს 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებიან.

კომენტარები