ბირთვული უსაფრთხოების სამიტი

ღარიბაშვილი ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ჰააგაში, 23-25 მარტს  ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვა და დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებს.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრს რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი შეხვედრებს გამართავს - საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრ მარკ რუტესთან, ევროპარლამენტის წევრებთან, «Liberal international"-ის პრეზიდენტ ჰანს ვან ბაალენთან, ბრაზილიის ვიცეპრეზიდენტ მიშელ ტემერთან, ესპანეთის პრემიერმინისტრ მარიანო რასოისთან, შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიერ ბულხალტერთან, დანიის პრემიერმინისტრ ჰელე ტორნინგ-შმიდტთან, კანადის პრემიერმინისტრ შტეფან ჰარპერთან, ნორვეგიის პრემიერმინისტრ ერნა სოლბერგთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან.

ბირთვული უსაფრთხოების მე-3 სამიტში 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები