შალვა თათუხაშვილის საქმე

პროკურატურა: თათუხაშვილის გატაცებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ტყუილია

მთავარი პროკურატურის განცხადებით, მოწმე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და უსწრაფესად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. 

ამასთან, პროკურატურა განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ დავით ახალაიას ადვოკატები შალვა თათუხაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით მედიაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

"2014 წლის 24 თებერვალს, თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტანემტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი მის მიერვე წარმოდგენილი ორი ადვოკატის თანდასწრებით. დაკითხვის შემდგომ, იმ მოტივით, რომ მან გამოძიებას მისცა დ.ახალაიას, ლ.ქარდავას და სხვათა მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები და მის სიცოცხლეს შესაძლოა შექმნოდა საფრთხე, შ.თათუხაშვილმა გამოთქვა სურვილი რომ ჩართულიყო ე.წ. მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში. მისი სურვილის გათვალისწინებით, 2014 წლის 24 თებერვალს, გამოტანილ იქნა დადგენილება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ და შალვა თათუხაშვილს დაენიშნა პირადი დაცვა. მალევე, მისივე თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მოეხსნა დანიშნული დაცვა", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ შალვა თათუხაშვილი დამატებით დაკითხვის მიზნით დაიბარეს, რის თაობაზეც შესაბამისი უწყება ჩაბარდა მის ძმას მიხეილ თათუხაშვილს.

"2014 წლის 18 მარტს სათანადო პროცესუალური ნორმების ზედმიწევნით დაცვით მოხდა მისი მოწმედ განმეორებით დაკითხვა. შალვა თათუხაშვილი თითოეული დაკითხვისას ნებაყოფლობით აცხადებდა, რომ მას სურდა გამოძიებასთან თანამშრომლობა და რომ მისი გატაცება არ მომხდარა, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი იმყოფებოდა საკუთარ სახლში. მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შ.თათუხაშვილის თითქოსდა გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჩატარდა შესაბამისი მოკვლევა, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად, თავად შალვა თათუხაშვილისა და სხვათა გამოკითხვებიდან დადგინდა, რომ მის გატაცებას ადგილი არ ჰქონია და ამის შესახებ განცხადებები იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ამდენად, დ.ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით გაავრცელოს დეზინფორმაცია, თითქოსდა შალვა თათუხაშვილი სამართალდამცავებმა გაიტაცეს. აღნიშნული აბსურდული ბრალდებები არის ტყუილი და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილე, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი გუშინ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოჯახი და ადვოკატები მომხდარში პროკურატურას ადანაშაულებენ. ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, მოწმე პროკურატურამ არაერთხელ გაიტაცა და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, დათა ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინა. ადვოკატის თქმით, ამის გამო, თათუხაშვილს ფსიქო-ემოციური სტატუსი გაუმწვავდა და „უმძიმესი დეპრესიის შემდეგ, უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა".

 "შალვა თათუხაშვილის გატაცებისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, მისმა ოჯახმა იმთავითვე განცხადებით მომმართა და დახმარება მთხოვეს. ამის შემდეგ, გამოძიებამ თავისი დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წასაშლელად, ძალადობისა და მუქარის ქვეშ კამერის წინ დაადასტურებინა შალვა თათუხაშვილს მის მიერ იძულებით ხელმოწერილი დავით ახალაიას მამხილებელი ცრუ ჩვენება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი. ადვოკატის მტკიცებით, გამოძიება ბოროტად იყენებდა იმ გარემოებას, რომ 2008 წლის აგვისტოს თვეში, საბრძოლო მოქმედებების დროს შალვა თათუხაშვილმა ფსიქიკური აშლილობა მიიღო.

 „გამოძიების მიერ შალვა თათუხაშვილის გატაცებისა და მასზე განხორციელებული არაერთგზისი ძალადობის მიზეზით, შალვა თათუხაშვილს ფსიქო-ემოციური სტატუსი გაუმწვავდა და იმდენად აშკარად იყო გამოკვეთილი ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, რომ 2014 წლის 19 მარტს დავით ახალაიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მის მიმართ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დავნიშნე. ცხადია, გამოძიება მიხვდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მოწმის ფსიქიკურ დაავადებას დაადასტურებდა, რის შედეგადაც, შალვა თათუხაშვილის მიერ, ძალადობის ქვეშ ხელმოწერილი დავით ახალაიას მამხილებელი ჩვენება მტკიცებით ძალას დაკარგავდა. სამწუხაროდ, ექსპერტიზის დანიშვნიდან ოთხ დღეში, შალვა თათუხაშვილი უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

კომენტარები