ზურაბ ჟვანიას საქმე

ჩაჩუა: პროკურატურას ჩვენების მიცემა მე თვითონ შევთავაზე

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას განცხადებით, მან დადო სრულიად სამართლიანი, ობიექტური დასკვნა და ამას ხელს აწერს ექსპერტიზაში მონაწილე ყველა ექსპერტი, მათ შორის ზურაბ ჟვანიას ბიძაშვილის შვილის მეუღლე. როგორც ჩაჩუამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, ექსპერტიზის მხრიდან რაიმე დარღვევის ნიშნები რომ ყოფილიყო, ჟვანიას ბიძაშვილის მეუღლე არ დამალავდა და გასააჯაროებდა. ექსპერტის თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდება ერთ დისკზეა აგებული და აბსურდულია.

რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებას, რომ ის მოწმეებზე ტელეფონით ზეწოლას ახდენდა, ჩაჩუა უსაფუძვლოს უწოდებს. მისივე თქმით, არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რომ მან თუნდაც ერთ მის კოლეგაზე განახორციელა ზეწოლა. 

"ბრალდება ამბობს, რომ მე მოვახდინე ზეწოლა ტელეფონით იმ ადამიანებზე, ვინც ჩემთან ერთად მოამზადა საექსპერტო დასკვნა. პროკურატურას არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, რომ რომელიმე მათგანთან ერთხელ მაინც დამირეკავს. მთელი ბრალდება აბსურდულია, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ერთ ვიდეოს", - აღნიშნა ჩაჩუამ.

მისი თქმით, იმავე საღამოს, როცა კადრები გავრცელდა, თავად დაუკავშირდა პროკურატურას და ჩვენების მიცემა შესთავაზა.

"დამიბარეს პროკურატურაში, მივეცი ჩვენება და იქიდან გამოსვლის შემდეგ ერთ საათში კვლავ დამირეკეს, რომ რაღაც დეტალები იყო დასაზუსტებელი. განმეორებითი დაბარების შემდეგ მე ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ, თუმცა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, არ მივსულიყავი. აქედან გამომდინარე, იმ დროს, როდესაც თავად ვეუბნები პროკურატურას, რომ მივალ დაკითხვაზე, არანაირი საფუძველი იმის ვარაუდის, რომ პროკურატურას დავემალები, არ არსებობს", - განაცხადა ჩაჩუამ. 

ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას თქმით კი, კონსპირაციული ბინის არსებობა იყო ზურაბ ჟვანიას, დაცვის უფროსის და თავად ძაძამიას საიდუმლო. როგორც ძაძამიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, მას მიჰყავდა ხოლმე ჟვანია იქ და თითოეული ამ გადაადგილების შესახებ ყოველთვის იცოდა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ. 

"ზურაბ ჟვანია მივიყვანე კონსპირაციულ ბინაში და ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ხოლმე. ამ ბინის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა, გარდა დაცვის უფროსისა და ჩვენი. ეს იყო საიდუმლო, ზურას მოთხოვნით. მე მართალი ვარ ამ საქმეში და მართალი ვარ ღმერთის წინაშე", - განაცხადა ძაძამიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას და ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსს მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. მისი თქმით, ჩაჩუას ჩვენება განსხვავდებოდა სხვა მოწმეების ჩვენებებისგან და შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, კანონით დადგენილ ვადაში, 48 საათში გაასაჩივრებს. როგორც ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი. 

წინასასამართლო სხდომა 15 მაისს გაიმართება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა 20 მარტს, გვიან ღამით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

ამასთან, 21 მარტს, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა, ყოფილი პრემიერმინისტრის - ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერმინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. უწყების განმარტებით, აღნიშნულს პრემიერმინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული და დამტკიცებული სავალდებულო „საქართველოს პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა“ ითვალისწინებდა.

კომენტარები