ზურაბ ჟვანიას საქმე

უგულავა: პროკურატურა ყველაფერს აკეთებს აკვიატებული ვერსიის დასამტკიცებლად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებით, პროკურატურის და სასამართლოს ტესტი იქნება, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებულ ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა არ მიესაჯოთ. როგორც უგულავამ იმედის გადაცემა რეაქციაში თქვა, "თუ ჩვენ გვინდა, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იყოს ეს ხალხი. ეს ხალხი უნდა იყოს გარეთ, თუნდაც გირაოთი, თუნდაც თავდებობით, რომ ამ ადამიანების მიმართ არ გაჩნდეს შეკითხვა, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ პროკურატურისთვის სასურველი ჩვენება მიეღოთ".

მისი განცხადებით, ჟვანიას საქმე ჩვეულებრივი გამოძიება არ არის და აქ უნდა ჩაერთოს ყველა, რათა უზრუნველყონ გამჭვირვალე გამოძიება.

"და თუ საერთოდ უჩინმაჩინი პროკურორი გვეყოლება.. საერთოდ, საზოგადოებამ არც იცის ვინ არის პროკურორი. გამოდის ვიღაც თმაგაჩეჩილი ბავშვი და ლაპარაკობს იმას, რაც თავადაც არ იცის" - თქვა თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა.

უგულავა აღნიშნავს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ლევან ჩაჩუა არავის დაუკითხავს იმის მიუხედავად, რომ ექსპერტმა ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩაჩუა პროკურატურაში დაიბარეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც  ფოტოები გამოჩნდა", - აღნიშნა უგულავამ და დასძინა, რომ ჟვანიას საქმის გამოძიება უნდა იყოს პროკურატურის ღირსების და არა შურისძიების საკითხი.

"ეჭვი გვაქვს, რომ ჰაკიმ ფაშა არის სწორედ ივანიშვილი და ღარიბაშვილი. პროკურატურა კი, ყველაფერს აკეთებს აკვიატებული, წინასწარ ჩამომოყალიბებული ვერსიის დასამტკიცებლად" - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყველაზე ადეკვატური განცხადება გააკეთა ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

"მან თქვა, რომ საზოგადოებას სურათები კი არ აინტერესებს, არამედ საქმის გამოძიება უნდა", - აღნიშნა გიგი უგულავამ და დასძინა, რომ მარგველაშვილს ეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ YOUTUBE-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოები სხვადასხვა სახის დაზიანებისკენ მიიანიშნებენ. ვიდეო Hakim Pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

ამასთან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა და ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. ამავე საქმეზე დაკითხეს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

კომენტარები