ასოცირების შესახებ შეთანხმება

გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმება

Giorgi Margvelashvili Official

ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება. პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და შემდგომი ინტეგრაციის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამავე დროს, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მინდა, მივულოცო უკრაინელ ხალხს ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შესახებ პოლიტიკური ნაწილის შეთანხმების ხელმოწერა. ეს არის ისტორიული მოვლენა, რაც, ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და მოლდოვასთან ხელს, დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში მოაწერს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო УНИАН ავრცელებს.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, არაუგვიანეს ივნისის თვეში გადაწყვიტეს. ეს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბაროზომ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას აგვისტოს ბოლოს აპირებდა.

 

კომენტარები