TV MR საქართველოს დაჯარიმება

არასამთავრობოები: მისამართების გამჟღავნება ზიანს მიაყენებს სარეკლამო ბაზარს

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის შეფასებით, შემოსავლების სამსახურმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი სარეკლამო ბაზრის განვითარებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მედიის განვითარების ფონდი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სამოქალაქო განვითარების სააგენტო აღნიშნავენ, რომ სწორედ თავისუფალი სარეკლამო ბაზარი უზრუნველყოფს პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი მედიაგარემოს არსებობას. არასამთავრობოების განცხადებით, TV MR საქართველოს მიმართ ხისტმა მიდგომამ შესაძლოა შემოსავლების სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმისადმი ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ხელისუფლებას, კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართებზე ექნება წვდომა, ჩნდება საშიშროება, რომ ისინი შეეცდებიან კვლევის შედეგებით მანიპულირებას.

"ეს შეიძლება კვლევაში მონაწილე ოჯახების თვითცენზურაშიც გამოიხატოს, რის შედეგადაც ისინი კრიტიკულად განწყობილი არხების ყურებისგან თავს შეიკავებენ. აუდიტორიის კვლევების გარეშე კი, შეუძლებელია სატელევიზიო რეიტინგების ობიექტურად გაზომვა და, შესაბამისად, სარეკლამო სააგენტოებისთვის და უშუალოდ რეკლამის განმთავსებლებისთვის სანდო რეიტინგების მიწოდება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სატელევიზიო ბიზნესის ფინანსურ კოლაფსს" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახური TV MR საქართველოსგან კვლევაში მონაწილე 330 ოჯახის მისამართების გამჟღავნებას ითხოვს.

"აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ, ზოგადად, სარეკლამო და სამაუწყებლო სექტორის განვითარებას. „თი-ვი ემ-არ საქართველო” ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. რეიტინგები კი, ტელევიზიებისთვის რეკლამის მოზიდვის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს" - აცხადებენ არასამთავრობოები და განმარტავენ, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით TV MR საქართველომ შემოსავლების სამსახურს „ფიფლემტრების” ოჯახებიდან ამოღება და მათი ოფისში შემოწმება შესთავაზა.

"აუდიტორები კომპანიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, წუხელ აუდიტორები ინფორმაციის ამოღებას ძალისმიერი მეთოდებით შეეცადნენ. მას შემდეგ კი, რაც TV MR საქართველო წარმომადგენლებმა მათ კლიენტებთან - ქვეყნის უდიდეს ტელეკომპანიებთან დარეკვა დაიწყეს და პროცესზე დასწრება სთხოვეს, აუდიტორებმა კომპანიის ოფისი დატოვეს. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, აუდიტორები ვალდებულები არიან მოწყობილობები ადგილზე შეამოწმონ. თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, „საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.” (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 255-ე მუხლი, მე-3 პუნქტი). მისამართების გამჟღავნება კი კომპანიის საქმიანობას რამდენიმე თვით შეაჩერებს - TV MR საქართველო მოუწევს ახალი ოჯახების შერჩევა, რადგან მისამართების გამჟღავნება შეიცავს რისკებს, რომ კვლევაში ამჟამად მონაწილე ოჯახებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცდებიან. ამ გარემოებების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს დათანხმდეს კომპანიის ალტერნატიულ შეთავაზებას „ფიფლმეტრების” ოფისის ბაზაზე შემოწმებასთან დაკავშირებით, რათა არ შეექმნას საფრთხე კომპანიის არსებობას, ისევე, როგორც სატელევზიო აუდიტორიის კვლევას, რომელიც ტელევიზიების ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია" - ნათქვამია ხუთი არასამთავრობოს განცხადებაში.

ცნობისთვის, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. ასევე, საქართველოს პარლამენტი.

 

კომენტარები