TV MR საქართველოს დაჯარიმება

TV MR საქართველო ცილისწამების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს

შპს TV MR საქართველო აცხადებს, რომ კომპანია მზად არის ნებისმიერ დროს მიიღოს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტი კვლევის გამართულობის შესასწავლად, დამკვეთი კომპანიების ან ნებისმიერი მესამე მხარის მოწვევით. TV MR საქართველო "კომპანიის წარმოებული კვლევის გამართულობის შესახებ მედიაში გავრცელებული არასწორი შეფასებების და ფაქტების დამახინჯების გამო", განმარტებას აკეთებს. TV MR საქართველო აღნიშნავს, რომ კომპანია გადასცემს საერთაშორისო დამოუკიდებელ აუდიტორს სრულ ინფორმაციას კვლევის წარმოების ყველა ეტაპის შესახებ.

"კომპანიამ საგადასახადო ორგანოს არ გადასცა კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, მხოლოდ ერთი მიზეზით: მას აქვს აღებული ვალდებულება როგორც კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, ასევე მის დამკვეთებთან (სატელევიზიო და სარეკლამო კომპანიებთან), რომ არ გაახმაურებს კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციას ნებისმიერ მესამე პირზე, ხოლო მსგავსი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს კვლევაში მონაწილე ოჯახები. თუ მოხდება კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის სრულად და ერთბაშად გადაცემა, მაშინ კომპანია ვალდებული იქნება ჩაანაცვლოს გამჟღავნებული ოჯახების სია ახალი ოჯახებით, რისთვისაც საჭიროა ჩაატაროს წინმსწრები საბაზისო კვლევა დასარეკრუტირებელი ოჯახების ათმაგ ოდენობასთან (ანუ 3 570 ოჯახთან) და მიღებული შედეგებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არეკრუტიროს ახალი ოჯახები. შერჩევის ასეთი წესის დაცვა აუცილებელია კვლევის სანდოობის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შენარჩუნებისთვის. ეს კი სერიოზულ ფინანსურ და დროით რესურსებს მოითხოვს და კომპანიის სრულფასოვან საქმიანობას მინიმუმ 5-6 თვით შეაჩერებს. ეს მაშინ, როცა საგადასახადო ორგანოს პირდაპირ ევალება, საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების პროცესში თავიდან აირიდოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის არათუ შეჩერება, ჩვეული საწარმოო რიტმის შეფერხებაც კი.

კვლევა მიმდინარეობს საქართველოს ქალაქებში, სადაც მოსახლეობა აღემატება 45000-ს, კერძოდ თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, გორში და ფოთში. კვლევაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ხდება საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს მონაწილე ოჯახების პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა მსოფლმხედველობრივი კრიტერიუმებით შერჩევას. შერჩევა ხორციელდება მხოლოდ სოციალურ-დემოგრაფიული ნიშნებით და ოჯახი ერთვება კვლევაში მისი ყველა წევრის თანხმობის შემთვევაში.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფიფლმეტრები შეძენილია აირექსის მიერ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ფიფლმეტრები შეძენილია კომპანიის სახსრებით, მხოლოდ საკუთარი შემოსავლების ხარჯზე, ამის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული აქვს საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტს და ეს ინფორმაცია ასევე დასტურდება საბაჟო დეკლარაციებით.

მცდარია ასევე ინფორმაცია, თითქოს საკვლევი პანელი შედგება სულ 35 ოჯახისაგან, მიმდინარე ეტაპზე კვლევაში მონაწილეობს 357 ოჯახი. ოჯახების არსებობა ასევე დაადასტურა ბოლო საერთაშორისო აუდიტმა და ინფორმაცია მათ შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საერთაშორისო აუდიტისათვის. აქვე განვმარტავთ, რომ კომპანიის ბალანსზე მიმდინარე ეტაპზე ირიცხება ორი სხვადასხვა მოდელის (ჯამში 622) ფიფლმეტრი.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უყურადღებოდ გვაქვს მიტოვებული მოწყობილობები ოჯახებში და სწორად არ ვახდენთ მიღებული შედეგების ანალიზს და რომ ფიფლმეტრი იწვევს ტელევიზორის დაზიანებას. ფიფლმეტრი არ აზიანებს ტელევიზორს, იგი ტელეყურების პროცესში ამოიცნობს სატელევიზიო სიხშირეებს და ამ მონაცემებს გადასცემს სერვერს. მონაცემთა წარმოების პროცესი იმგვარადაა აწყობილი, რომ კვლევაში ჩართული ოჯახებიდან 90%-ზე ნაკლები ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მონაცემები არავალიდურია და ვერ მიეწოდება დამკვეთებს, შესაბამისად, კომპანია მუდამ ზრუნავს დამონტაჟებული მოწყობილობების გამართულობაზე და ყოველდღიურად ახდენს დაზიანებული მოწყობილობების რემონტს.

მცდარია ინფორმაცია, თითქოს კომპანია ჩუქნის კვლევაში მონაწილე ოჯახებს ტელევიზორებს, უდგამს გენერატორებს, უსხამს საწვავს გენერატორისათვის და უხდის ყოველთვიურ ხელფასებს. კვლევაში მონაწილე ოჯახებს წელიწადში ერთხელ გადაეცემათ სტანდარტული და მცირე ღირებულების საჩუქრები და სხვა არანაირ გასამრჯელოს არ იღებენ კომპანიისაგან. ისინი ჩვეულ რიტმში აგრძელებენ ტელეყურებას, როგორც ეს კვლევაში ჩართვამდე ხდებოდა.

შპს TV MR საქართველო აპირებს დაიცვას საკუთარი რეპუტაცია და უფლებას იტოვებს მის მიმართ ნებისმიერი არასწორი და დამახინჯებული ფაქტის გავრცელებისა და ცილისწამების შემთხვევაში მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ჩათვლით", - აცხადებს კომპანია და აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებული სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის გამართულობა, მეთოდოლოგიასთან შესაბამისობა და სანდოობა არაერთხელ შეამოწმა საერთაშორისო აუდიტმა.

"ოთხივე საერთაშორისო დამოუკიდებელმა აუდიტმა დაადასტურა კვლევის სანდოობა. 2013 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით რიგით მეოთხე აუდიტი განახორციელა კომპანიამ ინგლისიდან Helen Harrison & Company, აუდიტორი დაიქირავა USAID-ის მიერ დაფინანსებულმა IREX G-MEDIA პროგრამამ ქართული სატელევიზიო და სარეკლამო ინდუსტრიის მოთხოვნის საფუძველზე. აუდიტმა დაადასტურა, რომ მეთოდოლოგია, რომელსაც იყენებს თი-ვი ემ-არ საქართველო, სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და GGTAM (სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო ნორმატივები) ნორმატივებთან, ამასთანავე, თი-ვი ემ-არ საქართველო ახორციელებს სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებს დეკლარირებული საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

TV MR საქართველომ საქმიანობა დროებით შეაჩერა. კომპანიამ ამის მიზეზად გახშირებული დაკითხვები და მოდემების ფუნქციონირების შეწყვეტა დაასახელა.

შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ TV MR საქართველოს მუშაობის შეფერხებაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების როლი გამორიცხულია. როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს TV MR საქართველოში მხოლოდ ამ კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან აქვთ შეხება და ეს TV MR საქართველოს მუშაობის შეფერხების მიზეზი ვერ იქნება. 

ცნობისთვის, 17 მარტს, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ "ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. დამკვეთი კომპანიების განცხადებით, მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა. ტელეკომპანიებმა და სარეკლამო სააგენტოებმა 18 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევდა TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებას.

კომენტარები