ზურაბ ჟვანიას საქმე

ნორლანდი ჟვანიას საქმეზე: გამოძიებამ კანონის უზენაესობით უნდა იხელმძღვანელოს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურამ მართლმსაჯულების მაღალი ხარისხით და კანონის უზენაესობით უნდა იხელმძღვანელოს. ნორლანდს ჟვანიას და უსუპოვის ცხედრების ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების ავთენტურობაზე დაუსვეს კითხვა.

"გამოძიება გრძელდება. ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია და რაც ყველა ამგვარ შემთხვევაზე მითქვამს, არის ის, რომ პროკურატურამ გამოძიებისას მართლმსაჯულების მაღალი ხარისხით და კანონის უზენაესობით უნდა იხელმძღვანელოს", - განაცხადა ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩს ჰკითხეს, ჩაერთვებიან თუ არა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში ამერიკელი ექსპერტები.

"როდესაც ჟვანიას საქმე მოხდა, მაშინ საქართველოს მთავრობამ მოგვმართა დახმარებისთვის. თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავ მოგვმართავს ასეთი თხოვნით, ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ჩართულობას ამ საქმეში", - თქვა ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ესწრება მრგვალ მაგიდას, რომელიც 2014 წლის თვითმმართველოს არჩევნებში ქალთა მონაწილეობას ეხება.

გუშინ, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა.

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.

ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებებთან და უახლოეს მომავალში გვამების ექსჰუმაცია მოხდება.

კომენტარები