რუსული ოკუპაცია

პრეზიდენტი: უკიდურესად შეშფოთებული ვართ იმით, რაც გუშინ ყირიმში მოხდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც მარგველაშვილმა დღეს, ავლაბრის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სტაბილურობას მთლიანად რეგიონში, არამედ იმ გლობალურ წესრიგს, რომლითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის მერე ფუნქციონირებდა.

"ჩვენ გვინდა, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია გუშინ ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა. საფრთხე ორი მიმართულებით იქმნება. პირველი - ბირთვულ განიარაღებას, რომელსაც დადებითი ტენდენცია ჰქონდა, რისი შედეგიც იყო 1994 წლის შეთანხმება, რომლითაც უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი დათმო, სერიოზული დისკრედიტაცია შეიძლება შეექმნას. მეორე, ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძნელად თუ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიები მიეერთებინოს. მსოფლიო რუკა იცვლებოდა, ხდებოდა ქვეყნების დანაწილება. რა თქმა უნდა, არსებობდა კონფლიქტები ქვეყნებს შორის, მაგრამ არ ხდებოდა ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მიერთება. ეს არის პრობლემა გლობალურად მსოფლიოს უსაფრთხოებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, უაღრესად მშვიდად, მაგრამ ამავდროულად პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება და, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება არა ტერიტორიების დაკავების, არა სამხედრო ძალის, არამედ დიპლომატიური გზების მეშვეობით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, "ჩვენი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არასდროს ყოფილა განსხვავებული". პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის საგარეო პოლიტიკის სუსხიანი ხელი.

"ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით, რომ 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს რომ დათმობოდა უფრო მეტი ყურადღება ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, რუსეთის საგარეო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით, შესაძლოა, არ ყოფილიყო წარმატებული. 2008 წლის ომის შემდეგ ყველა უნდა ვყოფილიყავით ორიენტირებული, რომ მეზობელი ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა აბსოლუტურად დაუშვებელ პრეცედენტად ყოფილიყო აღქმული. ალბათ, მეტი უნდა გაეკეთებინა საერთაშორისო თანამეგობრობას და, მათ შორის, ჩვენც, რომ მსგავსი რამ 6 წლის შემდეგაც არ განმეორებულიყო. ჩვენი დამოკიდებულება არის უცვლელი - ჩვენ ვცდილობთ დავიწყოთ ლაპარაკი არა აგრესიის, არამედ დიპლომატიის ენაზე, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვცდილობთ გავმართოთ რაციონალური და მშვიდი დიალოგი. ეს არის დასავლეთის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების სტრატეგიული გზა. ჩვენ კი, ბუნებრივია, ამ გაერთიანების, ამ კოალიციის ნაწილი ვართ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ყირიმის პრორუსულ ხელისუფლებასა და ქალაქ სევასტოპოლის მერიასთან რუსეთის შემადგენლობაში ფედერალური სუბიექტების სტატუსით ამ რეგიონების მიღების შესახებ. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ხელშეკრულებები რატიფიცირებისთვის ფედერაციის საბჭოს წარუდგინა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვიდა. პუტინის განცხადებით, ყირიმი რუსეთის ისტორიული ტერიტორიაა, რომელიც უკრაინის შემადგენლობაში უსამართლოდ მოექცა. პუტინის განცხადებით, უკრაინაში სათავეში არალეგიტიმური ხელისუფლება მოვიდა და ამის გამო ქვეყნის რუსულენოვან მოსახლეობას საფრთხე ემუქრება. რუსეთის ლიდერმა დასავლეთის პოზიცია გააკრიტიკა და მსოფლიოს მოუწოდა საერთაშორისო არენაზე რუსეთის როლი აღიაროს.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აშშ-ის მეთაურობით, ამჯობინებენ საერთაშორისო პოლიტიკაში ძლიერის უფლებით ისარგებლონ და საკუთარი გამორჩეულობა დაიჯერეს, ფიქრობენ, რომ მართლები მხოლოდ ისინი შეიძლება იყვნენ. იყენებენ ძალას დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და ყოფილი იუგოსლავიის, ერაყისა და ლიბიის მაგალითები, ასევე „მართვადი ფერადი რევოლუციების მთელი წყება“ მოიყვანა.

პუტინის განცხადებით, რუსეთი NATO-სთან ურთიერთობის მომხრეა, მაგრამ წინააღმდეგია, „ამ ორგანიზაციამ ჩვენს კართან, ჩვენს ისტორიულ მიწებზე იბატონოს“.

„ყირიმისა და სევასტოპოლის მცხოვრებლებმა რუსეთს თხოვნით მიმართეს, მათი უფლებები და სიცოცხლე დაგვეცვა. ჩვენ არ შეგვეძლო მათ თხოვნაზე არ გვეპასუხა, გაჭირვებაში დაგვეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ღალატი იქნებოდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის განცხადებით, გადაწყვეტილება ყირიმისა და სევასტოპოლის შემოერთების შესახებ რუსეთმა რეფერენდუმის შედეგების მიხედვით მიიღო, რომელიც, მისი თქმით, ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა და ხალხის ნებას ასახავს.

პუტინის განცხადებით, დასავლეთი წლების განმავლობაში რუსეთის შევიწროების პოლიტიკას აწარმოებდა, რასაც ბოლო უნდა მოეღოს.

"ყველაფერს აქვს საზღვარი, უკრაინის შემთხვევაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები ზღვარს გადავიდნენ. ისინი უხეშად, უპასუხისმგებლოდ და არაპროფესიულად მოქმედებდნენ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინაში და ყირიმშიც მილიონობით რუსი ცხოვრობს. რამდენად უნდა დაკარგო პოლიტიკური ალღო და ზომიერების გრძნობა, რომ შენი მოქმედებების შედეგები ვერ განსაზღვრო? რუსეთი აღმოჩნდა იმ ზღვარზე, საიდანაც უკან ვეღარ დაიხევდა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები