ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ზურაბ აბაშიძე: მე პირადად, პრეზიდენტი მარგველაშვილი მომწონს

timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ის არ არის საქართველოს პრეზიდენტით იმედგაცრუებული. დეპუტატის თქმით, ის, რომ ყოფილ პრემიერს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და უფლებაა.

"ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება და ყველა ჩვენგანი მიგვაჩვია თავის გულწრფელ საუბრებს და დამოკიდებულებას. ეს არის მისი სტილი. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თავის ამ თვისებებს არ მალავს და არის ისეთი, როგორიც არის. ის, რომ პრეზიდენტის მიმართ მისი დამოკიდებულება შეიცვალა, მისი პირადი დამოკიდებულებაა. ამის უფლება აქვს და ექნება. პრეზიდენტზეც, მინისტრზეც, პრემიერზეც, დეპუტატზეც. ჩათვლის თუ არა ამაზე საჯაროდ ლაპარაკს საჭიროდ, მისი გადასაწყვეტია. მე პირადად, პრეზიდენტი მარგველაშვილი მომწონს როგორც პრეზიდენტი, ეს არის ჩემი დამოკიდებულება", - თქვა აბაშიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა პოლიტიკის დროში ისაუბრა. მისი თქმით, მარგველაშვილთან არაფორმალური ურთიერთობა აღარ აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან".

ამასთან, ივანიშვილს არ მოსწონს, რომ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის გამოყენება დაიწყო. ყოფილი პრემიერის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე იყო სასახლეში შესვლის.

ცნობისთვის, თავდაპირველად, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ გამოიყენებდა ავლაბრის რეზიდენციას, მაგრამ გასულ კვირას იქ რამდენიმე შეხვედრა გამართა. მარგველაშვილის თქმით, მთავრობის კანცელარიაში ამგვარი ცერემონიებისთვის შესაფერისი სივრცე არ არის.

კომენტარები