საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს მიზანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დასჯა იყო. მისი თქმით, გაირკვა, რომ ყოფილ პრემიერს ამ მომენტში აქვს ძალიან ცუდი ურთიერთობა მოქმედ პრეზიდენტთან.
"როგორც ჩანს, მისი გათვლა, რომ მარგველაშვილი საერთოდ არაფერზე არ დააფიქსირებდა პოზიციას და უსიტყვოდ შეასრულებდა ყველაფერს, მთლად ასე არ არის. ერთი-ორ საკითხში, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ჩანს, არ დაემორჩილა თავის მბრძანებელს და ხელისუფლების მთავარ მენტორს, რამაც ეს რისხვა გამოიწვია და მთელი ინტერვიუ ამას ეძღვნებოდა. თქვენც ხვდებით და საზოგადოებაც ხვდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რისთვისაც ივანიშვილი დღეს საზოგადოებაში გამოჩნდა, იყო მარგველაშვილის დასჯა ამ ფორმით", - განაცხადა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრების აზრი აინტერესებს.
"ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც მარგველაშვილი პარლამენტში მოვიდა, ყოველწლიურ გამოსვლაზე, მას არ მოჰყვა მთავრობა და ვამბობდით, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს. უმრავლესობის წევრები ამას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ასეთი უნიკალური პრეზიდენტი საქართველოს არ ჰყოლია. მაინტერესებს, ახლა რა კომენტარს გააკეთებენ", - თქვა დეპუტატმა.
გაბაშვილის თქმითვე, ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუთი ოპოზიციის და ყველანაირი განსხვავებული აზრის ტრადიციული სიძულვილიც გამოჩნდა.
"თავს მოხვეული ოპოზიცია უწოდა ნაციონალურ მოძრაობას. ძალიან ხშირად ახსენა. ჯერ თქვა, რომ საერთოდ არ აინტერესებს ნაციონალური მოძრაობა და მერე, ყოველ ორ წუთში ერთხელ ამოხეთქავდა ხოლმე ბოღმა და ზიზღი თავისი ოპონენტების. ის საერთოდ ვერ იტანს შეკამათებას, ვერ იტანს საწინააღმდეგო პოზიციას და იმდენი პოლიტიკური განათლებაც არ ყოფნის, რომ ოპოზიცია ვერ იქნება თავს მოხვეული. ოპოზიციას, ისევე როგორც ხელისუფლებას, ირჩევს ხალხი და ბოლო ორ არჩევნებზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხალხმა აირჩია როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. საერთოდ არ არის მისი საქმე, ვინ იქნება ქვეყანაში ოპოზიცია. ის დღეს არის მოქალაქე, რომელიც აკონტროლებს საქართველოს მთავრობას მთლიანად, ახარისხებს მინისტრებს ეფექტურად და არეფექტურად, პრეზიდენტს მიუჩენს ადგილს თუ არ მოეწონება მისი მოქმედება. საქართველოს დღეს ჰყავს არაფორმალური მენტორი, მთავრობის მბრძანებელი, რომელსაც ასევე აქვს სურვილი, რომ იყოს მბრძანებელი და მენტორი საზოგადოების, მედიის და ყველანაირ პროცესს აკონტროლებდეს. ეს არ არის დემოკრატიისთვის და ქვეყნისთვის კარგი", - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. მისი თქმით, მარგველაშვილთან არაფორმალური ურთიერთობა აღარ აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან".
ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გასცა მის კითხვას პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ვანო მაჭავარიანის ძმა მიშა მაჭავარიანია.





