ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ხელისუფლებას ყირიმის ანექსიის ფონზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია, საქართველომ მთლიანად გაიზიაროს ყველა ის სანქცია, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ მიმართავს. ბაქრაძის განცხადებით, ასევე მნიშნელოვანია, ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას არ მისცეს საშუალება დაივიწყოს ის, რაც რუსეთმა 6 წლის წინ საქართველოში ჩაიდინა.
"აუცილებელია, ხელისუფლება ზოგადი შეშფოთების პოზიციიდან კონკრეტული მოქმედების პოზიციაზე გადავიდეს. საქართველომ მთლიანად უნდა გაიზიაროს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ სანქციას, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო მიმართავს რუსეთის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესაჩერებლად. ასევე აუცილებელია, ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რუტინული მუშაობის ნაცვლად რადიკალური ნაბიჯები გადადგას. ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ეს შესაძლებელია და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული, ამიტომ მოვუწოდებთ მთავრობას, შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესაბამისად იმოქმედოს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მის აზრით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ დაიკავოს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშორებით, რომ „საქართველოს გამთლიანების შანსი არა რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარსა და მისი არგაღიზიანების მცდელობაშია, არამედ დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროს გამარჯვებაში".
მის აზრით, ასევე აუცილებელია, ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინის საკითხთან ერთდ საქართველოს თემა მუდმივად ფიგურირებდეს. რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს თემა მივიწყებული და გვერდზე გადადებულია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უკრაინაზე საუბრობს. „გვესმის, რომ დღეს მთავარი თემა უკრაინაა, თუმცა არავის უნდა მივცეთ იმის დავიწყების საშუალება, რაც რუსეთმა ჩვენთან 6 წლის წინ გააკეთა, როდესაც ორი რეგიონის სამხედრო ოკუაპცია მოახდინა." - განაცხადა დავით ბაქრაძემ
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტი იმართება, სადაც ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ სთხოვს პარტნიორებს, უკრაინასთნ ერთად მხარი საქართველოს დაუჭირონ.
"მე მექნება შეხვედრა შტეფან ფულესთან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციის რესურსი შეზღუდულია და მთავარი მოქმედი პირი ამ შემთხვევაში მთავრობა და ხელისუფლებაა." - ამბობს ბაქრაძე.