მედიის თავისუფლება

ცქიტიშვილი: ერთ-ერთმა ტელევიზიამ კონფიდენციალური სიების გადაცემა მოითხოვა

გოჩა ცქიტიშვილი
radiotavisupleba.ge

შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლ მეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება. ამ მოთხოვნის შემდეგ კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

„დაახლოებით სამი კვირის წინ შედგა პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთმა ტელევიზიამ. ცოტა ხანში ყველაფერს მოგიყვებით. პრივატულ საუბარში გვთხოვეს, რომ რამენაირად გადამეცა მათთვის სიები, მე ავუხსენი, რომ ხელმისაწვდომი ეს სიები ჩემთვის არ იყო და არაფერში არ გამოადგებოდათ, იმიტომ რომ ოჯახებზე ზეწოლა საბოლოო ჯამში... ძალიან მალე არის შვეიცარიული კომპანიის მონიტორინგის სამსახურისთვის ცნობილი. და მე ხვალ დავწერ, გარკვეულ დეტალებს. ვერ გეტყვით ვისთან იყო შეხვედრა, მაგრამ მერე ამ წერილის შემდეგ მე გეტყვით რომელი ტელევიზიის და ვინ იყო წარმომადგენლები, რომლებიც მთხოვდნენ მე კონფიდენციალური არხებით ჩამეგდო მე ხელში სიები და გადამეცა მათთვის.

მე ავუხსენი, რომ ეთიკური ადამიანი, სხვას არ სთხოვს არალეგალური გზით სიების ხელში ჩაგდებას. ვუხსნიდი, რომ ეს უპერსპექტივო საქმეა, რომ შეეცადონ სიების არალეგალურად, თაღლითურად, არ ვიცი როგორც გნებავთ დაარქვით, ხელში ჩაგდებას" - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, მათ სიები მოითხოვეს იმიტომ, რომ ტელევიზიას აქვს დაბალი რეიტინგი, თუმცა მასში არის დახარჯული დიდი თანხები.

„მე ყველაფერს მოვყვები იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ბატონები. რომლებსაც სამი საათის განმავლობაში ზეწოლა ჰქონდათ კომპანიის დირექტორზე, ეს ჩუმად მითხრა დირექტორმა, და ხვალ პრესრელიზში ამასაც დაწერს. როგორ მოაწერინეს ხელი ოქმზე ოთხმა ადამიანმა საგადასახადო სამსახურიდან და როგორ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. იყო მცდელობა, რომ ამ სიების გადაცემა მომხდარიყო ჩემი მეშვეობით, რაზეც მიიღეს კვალიფიციური პასუხი ორი სახის: პირველი, რომ მეორეჯერ თავი შეიკავონ არაეთიკური შეთავაზებისაგან სხვა შემთხვავაში მიიღებენ თავმოყვარე კაცის პასუხს, მაგრამ იმ პრივატულ საუბარში ამის უფლება თავს არ მივეცი და მეორე, რომ მხოლოდ მოუმზადებელი, უწიგნური ადამიანი ცდილობს სიების ხელში ჩაგდებას, იმიტომ რომ იმ სიების გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს კერძო კომპანიის დაზარალების შესაძლებლობა" - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შპს TV MR საქართველო ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. შესაბამისად, სატელევიზიო რეკლამის ბაზარი მთლიანად არის მასზე დამოკიდებული.

კომენტარები