აგრარული უნივერსიტეტი

კახა ბენდუქიძე პროკურატურაში დაიბარეს

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის შემდეგ მთავარ პროკურატურაში თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე დაიბარეს. უწყება ბენდუქიძეს საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრების მძიმე საქმეთა გამოძიებლისგან დავით თევზაძისგან დღეს საღამოს მიუვიდა, რომლის მიხედვითაც იგი პროკურატურაში 18 მარტს 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს კი მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გვიან ღამემდე კითხავდნენ. გამოძიება 2011 წლის ფაქტზეა დაწყებული. საგამოძიებო ორგანოები სახელმწიფო ქონების გაფლანგვის შესახებ მიუთითებენ. თუმცა, აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, კანონის ყველა პროცედურა ზედმიწევნით არის დაცული. უნივერსიტეტის ქონების შესაძენად 2011 წელს 5 მილიონ 200 ათასი დოლარია გადახდილი, რასაც თან ინვესტიციების დაბანდების ვალდებულება ერთვოდა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისთვის 8 მილიონი ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, სამი დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად, აგრარული უნივერსიტეტის განვითარებისთვის 11 მილიონ 200 ათასი ლარია დახარჯული.

აგრუნის სტუდენტების და პროფესორების ნაწილი რექტორის მხარდასაჭერად მთავარი პროკურატურის შენობასთან შეიკრიბა. საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო ორგანოების ქმედებებში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ „ნაციონალურ მოძრაობაში. გოცირიძის მთავარ პროკურატურაში დაბარებას წინ აგრუნის ავტორიზაციის ჩამორთმევასთან დაკავშირებული მოვლენები უძღოდა. 2013 წლის 3 იანვარს აგრარულ უნივერსიტეტში განათლების სამინისტროს მონიტორინგის სამსახური შევიდა. მათ უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლა მაშინ დაიწყეს, როდესაც უნივერსიტეტში არდადეგები იყო.

აგრარული უნივერსიტეტსთვის ავტორიზაციის ჩამორთმევას სტუდენტებისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სტუდენტები მაშინდელ განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მალევე აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგინეს. გოცირიძის ვარაუდით, თუ ავტორიზაციის ჩამორთმევა წარმატებით გამოვიდოდა, სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყება მაშინვე იგეგმებოდა. თუმცა, მოვლენების განსხვავებული სცენარით განვითარებამ გეგმების გადახედვა გამოიწვია. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთი სასწავლებლის დასაცავად მეორე საპროტესტო ტალღის დასაწყებად ემზადებიან. 

კომენტარები