ვითარება უკრაინაში

უკრაინელი რეფორმატორები: საქართველომ შეძლო, ჩვენც შევძლებთ

პავლო შერემეტა და კახა ბენდუქიძე
თამარა ქურდაძე / ტაბულა

12 მარტს კიევის ინტერკონტინენტალმა საგანგებო ეკონომიკურ სამიტს უმასინძლა. სამიტის მთავარი მიზანი უკრაინის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისათვის საუკეთესო გზის გამონახვა იყო. კონსულტაციები უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გაუწიეს. საქართველოს მხრიდან სამიტს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი, კახა ბენდუქიძე ესწრებოდა.

დისკუსია სამი მთავარი მიმართულებით წარიმართა: კორუფციასთან ბრძოლა, მეწარმეებისა და ბიზნესის როლი ეკონომიკის განვითარებაში და მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა.

ლატვიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა კრიზისიდან გამოსვლის მსურველი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ქონის მსურველი ქვეყნებისთვის იდეალური მთავრობის მოდელი ჩამოაყალიბა: პატარა, მარტივი, კარგად ანაზღაურებადი და გულწრფელი მთავრობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის - განაცხადა რაპსემ. მისივე აზრით, უკრაინამ პირველ რიგში უნდა შეზღუდოს სახელმწიფო დანახარჯები და არ დაბეჭდოს ფული. „ვიცი, რომ რთულია, მაგრამ არ დაბეჭდოთ ფული!“. ანუ, კრიზისულ მდგომარეობაში არსებული დეფიციტის აღმოფხვრა შესაძლებელია სახელმწიფო ხარჯების შეზღუდვით და არ არის აუცილებელი დამატებით ფულის ბეჭდვა. მისივე მოწოდებით, მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც ამტკიცებს, რომ დანახარჯების შეზღუდვა შეუძლებელია, ტყუის და დასათხოვნია სამსახურიდან, რადგან ხარჯების შემცირება ყოველთვის შესაძლებელია ეფექტიანი რეფორმების ხარჯზე.

„აუცილებელია, ქვეყანამ პრაქტიკაზე გამოცდილი საუკეთესო მიდგომა გამოიყენოს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და რეფორმების გატარების პროცესში. მაგალითი ავიღოთ იმ პრაქტიკებიდან, რომელიც უკვე ეფექტიანად მუშაობს“. წარმატებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად პროგრესირებადი ქვეყნის მაგალითად რაპსემ სინგაპური მოიყვანა.

უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარების მინსიტრმა, პავლო შერემეტამ, ტაბულასთან საუბარში ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის ამბიციას იყოს პროგრესული ევროპული ქვეყანა, მზარდი ეკონომიკით.

„კორუფციასთან ბრძოლა და დერეგულაცია ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია. მაგალითისათვის ვუყურებთ წარმატებული ქვეყნების პრაქტიკას, რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში „ბიზნესის კეთების სიადვილე“ პირველ ათ ადგილს იკავებენ. ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. თქვენ ამ სიაში ხართ მერვე პოზიციაზე, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ჩვენ მხოლოდ 112-ე ადგილს ვიკავებთ. უკრაინის წინა მთავრობას ჰქონდა ამბიცია შესულიყო ტოპ 100 ქვეყანას შორის, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. იყო პირველ ასეულში, ნიშნავს, რომ 99 ქვეყანა შენზე უკეთეს პირობებშია. რას ვეტყვით მომავალ თაობას? რომ პირველ ასეულში შევედით? ეს არაფერს ნიშნავს. ამიტომ ჩვენ ვუყურებთ პირველი ათეულის ქვეყნებს და მათ მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს პირდაპირ გადმოვიტანთ და დავნერგავთ უკრაინულ პრაქტიკაში“. სამიტის მიმდინარეობისას, შერემეტამ საქართველოს ყოფილ ეკონომიკის მინისტრს, კახა ბენდუქიძეს, „ყველაზე პოპულარული რეფორმატორი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პოლიტიკური და ეკონომკური რეფორმირების პროცესში შესაძლებელი იქნებოდა მისგან რეგულარული კონსულტაციების მიღება.

კახა ბენდუქიძე, როგორც წარმატებულად რეფორმირებული ქვეყნის წარმომადგენელი, სამიტის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიებში ყველაზე ციტირებადი მომხსენებელი იყო. მოდერატორმა იგი ეკონომიკის როკვარსკვლავად მოიხსენია.

სამიტის დღის წესრიგში კორუფციის აღმოფხვრასთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მეწარმეებისა და ბიზნესის მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებისათვის. შვედეთის ყოფილმა შრომის მინისტრმა, სვენ ოტტო ლიტორინმა, მოუწოდა უკრაინის მთავრობას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობას. ხელის შეწყობა კი იმაში გამოიხატება, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა დაუწესონ ბიზნესებს განვითრების გზაზე და არ ჩაერიონ მათ საქმიანობაში. „მოუსმინეთ ბიზნესმენებს“ მოწოდება ბევრჯერ გაისმა სამიტის მიმდინარეობისას.

ტაბულამაც მოუსმინა სამიტში მონაწილე ბიზნესმენების ნაწილს. უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო კომპანია, ტელკო უკრაინის წარმომადგენელმა, არტურ ფესენკომ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბიუროკრატიული აპარატი და ქრთამის აღების კულტურა დაასახელა. მან ასევე დაამატა, რომ ტელკოს, როგორც საერთაშორისო კომპანიას, აქვს მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკა ნებისმიერი ოდენობით ქრთამის, თუნდაც უმნიშვნელო ოდენობით, გაცემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ტელკოს წარმომადგენლებს დროში საგრძნობლად ეწელებათ საქმის წარმოების პროცესი, რაც თავის მხრივ აზარელებს კომპანიას. ფესენკომ იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების შედეგად უკრაინაში გამარტივდება საქმის წარმოების პროცესი და ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობას წარმართავს მკაცრად გაწერილი გაიდლაინები და არა მოქრთამვის კულტურა.

სადისკუსიო პანელზე მოწვეული იყო საერთშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელიც. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, ვიტალი ლისოვენკომ, იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უკრაინისთვის შესაძლებელი იქნებოდა საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, მიუხედავად არსებული პოლიტიკური კრიზისისა. მან იმედი გამოთქვა, რომ იმ სამ მთავარ ამოცანას, რაც ფინანსთა სამინისტროს წინაშე დგას (კორუფციის აღმოფხვრა, სახელმწიფო ხარჯების შემცირება და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა), ისინი წარმატებით გაართმევდნენ თავს.

პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა პრიორიტეტულ მიზნად დაასახელა პრეზიდენტის მრჩეველმაც ეკონომიკურ საკითხებში, კიევის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა, იგორ შუმლომ. მან ხაზი გაუსვა რეალურ რეჟიმში ფინანსური და ეკონომიკური ინფორმაციის მოსახლეობასთან კომუნიკაცის მნიშვნელობას. ამავე აზრისაა ეკონომიკის მინისტრი, პავლო შერემეტაც.

„სამოქალაქო აზრის ფორმირება დინამიკური პროცესია. ამისათვის საჭიროა ყოველდღიური კომუნიკაცია. თუ დაიწყებ საუბარს სტრუქტურულ რეფორმებზე, და ისეთი სიტყვების გამოყენებას, რომლის აზრიც ხალხს ნაკლებად ესმის, არავინ მოგისმენს. მნიშვნელოვანია სიტყვების შერჩევა, მცდელობა ყოველი ნაბიჯის ახსნისა და ანალიზის. ამიტომაც ვარ მე დღეს აქ, ამიტომაც დავუთმე დღევანდელ სამიტს ნახევარი დღე. ნახევარი დღის განმავლობაში, როგორც წესი, ათი შეხვედრა მაინც მაქვს. მაგრამ შეხვედრები გადავდე და ნაცვლად ამისა, აქ ვარ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომუნიკაცია დინამიკური პროცესია“, - ახსნა საკუთარი პოზიცია შერემეტამ ტაბულასთან საუბრისას.

კახა ბენდუქიძემ უკრაინის მთავრობას რეფორმირების მთავარი მტერი დაუსახელა: „კორუფციამ დაასუსტა უკრაინა“. ბენდუქიძეს ერთხმად დაეთანხმნენ შვედეთის წარმომადგენელი, ყოფილი შრომის მინისტრი, სვენ ოტტო ლიტორინი და სლოვაკეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივან მიკლოში. სესიის მიმდინარეობისას, სამივე მონაწილემ ერთხმად აღიარა, რომ ეფექტიანი რეფორმა არის სწრაფი და ერთდროულად ყველა მიმართულებით განხორციელებული, სხვაგვარად წარმატების მიღწევა რთულია. „ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის მიმართ“ - ლოზუნგად გასდევდა დისკუსიას. აუცილებელია ისეთი მკაცრი სანქციები კორუმპირებული მოხელეების წინააღმდეგ, როგორიც არის ციხე - დაამატა ბენდუქიძემ.

სამიტი ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, პავლო შერემეტამ, დახურა სიტყვებით „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“. 

კომენტარები