საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ვოლსკი: რაიან გრისტი რუსეთის პოზიციას კი არ იცავდა, არამედ აფასებდა

radiotavisupleba.ge

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნასთან დაკავშირებით, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ "გრისტი აგვისტოს ომის ვითარებაში რუსეთის პოზიციას კი არ იცავდა, არამედ აფასებდა."

"ევროკავშირმა ჩათვალა, რომ მისი ცოდნის დონე და კავშირები არის პოზიტიური იმ მისიისთვის, რასაც ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს.

რაიან გრისტი აგვისტოს ომის ვითარებაში რუსეთის პოზიციას კი არ იცავდა, არამედ აფასებდა. მისი განცხადებები ძალიან ახლოს იყო იმ პოზიციებთან, რომელიც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნდა და გააჩნია. თუმცა, სანამ გრისტი თანამდებობაზე დაინიშნება, ბრიტანეთის და ევროკავშირის სტრუქტურა სერიოზულ ფილტრაციას გადის ნებისმიერი თანამშრომლის, მით უმეტეს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის." - თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე ბრიტანელი რაიან გრისტი მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. გრისტი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს საჯაროდ ადანაშაულებდა და რუსეთის პოზიციას უჭერდა მხარს. იგი 2008 წლამდე საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

"ნათელი იყო, რომ თავდასხმა იყო სრულიად მოუწესრიგებელი და არაპროპორციული ნებისმიერი პროვოკაციის საპასუხოდ, თუ ასეთი პროვოკაცია საერთოდ მოხდა. ჩემთვის ნათელია, რომ ეს იყო სრულიად მოუწესრიგებელი თავდასხმა ქალაქზე." - ამბობდა გრისტი.

გრისტი ასევე ამბობდა, რომ სანამ რუსეთი დაბომბვას დაიწყებდა, ქართველები სამხრეთ ოსეთის დასახლებულ ადგილებს ყოველ 15-20 წამში უტევდნენ.

აგვისტოს ომის დროს რაიან გრისტი თვითნებურად, სადამკვირვებლო კომისიისგან დამოუკიდებლად, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. მოგვიანებით გრისტმა განმარტა, რომ მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და მას არ უთქვამს, რომ ოსური მხრიდან ომის დაწყებამდე პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს მიერ ომის დაწყების შესახებ მისი განცხადებების უარყოფა კი, ეუთოს მისიის მაშინდელ ხელმძღვანელს - ტერი ჰაკალას მოუწია. თავად გრისტი ადასტურებდა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა უფლებადამცველ ლირა ცხოვრებოვასთან, რომლის მიმართაც დასავლურ მედიასა და საქართველოს ხელსუფლებაში ეჭვებს გამოთქვამდნენ რუსულ და ოსურ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ.

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. 5-დღიან ომს ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია მოჰყვა.

კომენტარები