ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

მაია ფანჯიკიძე ავღანელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავღანელ კოლეგას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. მაია ფანჯიკიძის თქმით, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებით. ფანჯიკიძის განცხადებით, ორ ქვეყანას ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან და, პირველ რიგში, ეს არის ISAF-ის ოპერაცია.

"საქართველო მზად არის 2014 წლის შემდეგაც გააგრძელოს ავღანეთში მოღვაწეობა და, დაინტერესების შემთხვევაში, გაუზიაროს ავღანეთის მთავრობას გამოცდილება რეფორმების კუთხით სხვადასხვა სფეროებში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

თავის მხრივ, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზარარ აჰმად ოსმანმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს, რომლებიც იბრძვიან ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ და მშვიდობის დასამყარებლად.

"ISAF-ის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა არის კარგი მაგალითი პარტნიორობის. წელს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნებით გადაცემა. 2014 წელს ავღანეთში საერთაშორისო ძალოვანები, მხოლოდ ჩვენი სამხედროების დასატრენინგებლად დარჩებიან. ვფიქრობ, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება ახალ პირობებშიც", - განაცხადა ზარარ აჰმად ოსმანმა.

ვიზიტის ფარგლებში ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა. დაგეგმილია პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებიც.

კომენტარები