საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში ჩავიდა. ბრიტანული სამხედრო ბაზა ბასტიონის აეროდრომზე საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სარდალი, ბრიგადის გენერალი დანიელ იუ დახვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკელმა გენერალმა საქართველოს პრეზიდენტს მისიის მიმდინარეობის დეტალები და ქართული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ამერიკული სამხედრო ბაზის „ლეზერნიკის“ ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბ „ორბში“ გაემგზავრა, სადაც სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 7 ამერიკელ სამხედრო ქვეითსა და 12 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. გიორგი მარგველაშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილზე გაამახვილა.
„მე ამაყი ვარ, რომ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ქართული დროშა მსოფლიო მასშტაბით, ძალიან მაღლა აქვს აწეული. თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც სამშობლოში ელოდებიან და რომლებითაც ამაყობენ! ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ! საქართველოში ყველა აფასებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, რადგან ეს არის ბრძოლა საქართველოს სიძლიერისათვის, ეს არის ბრძოლა მსოფლიოს სტაბილურობისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს.
"მინდა, ვუთხრა მადლობა იმ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად ყოველდღიურად რთულ და რისკიან სამუშაოს ასრულებს; მინდა, მადლობა ვუთხრა მათ იმისათვის, რომ ისინი თქვენთან ერთად და თქვენ გვერდით არიან, რეალურად, არაფრით არ განსხვავებენ ერთმანეთისგან და საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ, თქვენთან ერთად ცდილობენ, ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებულად განხორციელდეს. საგანგებო მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სამხედრო ხელმძღვანელს, ყველა ამერიკელ გენერალს, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცის ხსენებაზე სახე ებადრებათ და სიყვარულით საუბრობენ იმ წარმატებისა და განსაკუთრებული მხედრული სულის შესახებ, რომლითაც ქართული ჯარი გამოირჩევა. ეს ეტყობა უკლებლივ ყველა ამერიკელ გენერალს, რომელსაც შეხება ჰქონია ქართველ ჯარისკაცებთან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე იყვნენ.





