ვითარება უკრაინაში

უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

ipn.ge

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციაში საზოგადოების წარმომადგენლები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა  და არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრები მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმი ლეგიტიმური არაა.

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან კი ორგანიზაცია ევრაზიული არჩევანის წევრები იყვნენ შეკრებილები. ისინი ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს მხარდაჭრას უცხადებდნენ.  ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია ორი ადამიანი. მათ შორის ერთერთი თავისუფალი ზონის წევრი დავით გოგოხიაა. ევრაზიული არჩევანის აქცია უკვე დაშლილია. როგორც ორგანიზაციის წევრმა არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა მათ აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

„აქ  შეიკირიბა ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ ყირიმი არის რუსეთის ნაწილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს მოღალატეები.  ამათ გამო პოლიციამ დააკავა საქართველოს პატრიოტი ადამიანი.  ეს არის სამარცხვინო“,-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.

შსს-ს ცნობით, აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმი  კიევის დროით  08:00 სააათზე დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი 12 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

რეფერენდუმი ორ კითხვას ითვალისწინებს: 1. უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? 2. უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?
უკრაინის ხელისუფლება ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს  არ აღიარებს. 

კომენტარები