ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

სასამართლომ დათა ახალაიას, ქარდავასა და მაზმიშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს და დათა ახალაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე დალი მეტრეველმა მიიღო. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1-ელ მაისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა თქვა, რომ, როდესაც დაცვის მხარეს მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთებული განჩინება ჩაბარდება, ამის შემდეგ ჩამოყალიბდება გაასაჩივრებს თუ არა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ადვოკატის თქმით, მოსამართლეზე იმოქმედა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილმა საბრალდებო მუხლებმა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს წარმოადგენს და უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დაესწრნენ, დათა ახალაია კი ძებნაში იმყოფება. ლევან ქარდავამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს.

2006 წელს მომხდარ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოხდა, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს და დათა ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 333-ე მუხლებით წარედგინა ბრალდება. 109-ე მუხლი ითვალისწინებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას. 333-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით.

საქმის მასალების მიხედვით ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს სამი საკონტროლო გასროლა განხორციელდა, რომელსაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ერთი საკონტროლო გასროლა დათა ახალაიამ, მეორე კი გიორგი მაზმიშვილმა განახორციელეს. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია ვინ განახორციელა მესამე საკონტროლო გასროლა.

კომენტარები