ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

პროკურორი: საკონტროლო გასროლა ახალაიამ და მაზმიშვილმა მოახდინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დათა ახალაიას, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ "ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს საკონტროლო გასროლა დათა ახალაიამ და გიორგი მაზმიშვილმა განახორციელეს."

პროკურორის თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე, ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინ განახორციელა მესამე საკონტროლო გასროლა.

საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას სიტყვა ბრალდებულებმაც წარმოთქვეს. ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი, რომელიც პროცესს ესწრებიან, სამართალდამცველებს მათი, როგორც ბრალდებულების უფლებების რღვევაში ადანაშაულებენ.

ქარდავამ და მაზმიშვილმა აღნიშნეს, რომ დაკავების დროს მას უხეშად მოექცნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევდნენ.

ქარდავას თქმით, ადვოკატებთან ერთად იგი აღნიშნული უფლებების დარღვევის გამო სარჩელს მოამზადებს და სასამართლოში შეიტანს.

დღევანდელ პროცესზე, რომელსაც დათა ახალაიას სახაზინო ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავაც ესწრება, დანარჩენმა ადვოკატებმა მისი აცილების შუამდგომლობა დააყენეს. კერძოდ, ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მევლუდ ჯანჯღავას, როგორც სახაზინო ადვოკატს პროკურატურამ მასალები შეგნებულად გადასცა, რათა თავად ზაქარეიშვილი საქმიდან ჩამოეშორებინა და იგი აცილებული უნდა იქნას. თუმცა, მოსამართლე ლალი მეტრეველმა ადვოკატის აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს თავად ბრალდებულ ახალაიას თანხმობა ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებით და ვინაიდან აღნიშნული თანხმობა წარმოდგენილი არ არის, იგი შუამდგომლობას ვერ დააკმაყოფილებს. ამის შემდეგ ზაქარეიშვილმა თავად დალი მეტრეველის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.

პროკურატურა დღევანდელ პროცესზე ძებნილი დათა ახალაიასთვის, ლევან ქარდავასთვის და გიორგი მაზმიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლოზე მხარეები საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ.

კომენტარები