ვითარება უკრაინაში

უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელი 21 მარტს მოეწერება

ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს ხელს 21 მარტს მოაწერს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა. ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში გაიმართება. რაც შეეხება შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს, ის მოგვიანებით გაფორმდება. თუმცა, მანამდე ევროკავშირი უკრაინას სავაჭრო შეღავათებს მიანიჭებს.

ქალაქ დონეცკის არეულობის შემდეგ, შეტაკებები ხარკოვშიც მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ ღამით პრორუსულ აქტივისტებსა და უკრაინელებს შორის დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სამართალდამცველებმა 30-მდე ადამიანი დააკავეს. დაწყებულია გამოძიება.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ოლექსანდრ ტურჩინოვის თქმით კი, უკრაინის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან. პარალელურად კიევში სამხედრო წვრთნებიც მიმდინარეობს.

"რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალები ყირიმის ტერიტორიაზე შემოიყვანა. უკრაინული ჯარი მზადყოფნაშია. ასევე მიმდინარეობს წვრთნები, სადაც ჯავშანტექნიკა, სადესანტო შენაერთები, არტილერია და სხვა მობილური ერთეულები ერთდროულად მუშაობს", - თქვა ტურჩინოვმა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ კი ყირიმის პარლამენტის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 278 დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი რადა, ვადაზე ადრე ყირიმის პარლამენტისთვის უფლებამოსილებას შეჩერებას ადგენს.

ყირიმი რეფერენდუმისთვის ემზადება, რომელიც ხვალ, 16 მარტს უნდა გაიმართოს. დღეს ნახევარკუნძულზე ნებისმიერი სახის აგიტაცია აკრძალულია. რეფერენდუმზე მცხოვრებლებმა პასუხი უნდა გასცენ ორ კითხვას - სურთ თუ არა, ყირიმი შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, და მეორე - სურთ თუ არა, აღდგეს ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში შედის და მასთან ურთიერთობას ხელშეკრულების საფუძველზე აყალიბებს.

რეფერენდუმი დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე ჩატარდება.

 

კომენტარები