ვითარება უკრაინაში

უსუფაშვილი: ჩვენ ვაკეთებთ უკრაინისთვის და საქართველოსთვის სასარგებლო საქმეს

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის, რაც ხდება უკრაინაში ბოლო თვეების განმავლობაში, დემოკრატიული სამყაროს თემად იქცა. როგორც უსუფაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რასაც თვლის შესაძლებლად და საჭიროდ. პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემის წამყვანმა ჰკითხა თუ რატომ არ ჩავიდა ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი კიევში.

"ჩვენ, ქართველებმა გავაკეთეთ ის, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ და სწორად უკრაინის დასახმარებლად და ჩვენი საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენი პოზიცია, საქართველოს მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განსხვავდება ყველა იმ ქვეყნის მდგომარეობისგან, რომელიც უცხადებს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, რადგან ამ წუთამდე, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული სხვა ქვეყანა არ არის ჩვენ გარდა. გვაქვს ამწუთიერი საფრთხე, რაც გამომდინარეობს ჩვენს ტერიტორიებზე რუსული შენაერთებისგან და რუსეთის ხელისუფლებისგან, რომლისთვისაც არც საქართველოს საქმეა დახურული. მიზანი და ამოცანა ვერ არის მიღწეული, ეს ბოლო ხანებში უფრო ნათელი გახდა ყველასთვის, მათ შორის ვროპაშიც, რომ ეს არ არის მხოლოდ კრემლის მცდელობა ენერგეტიკული ხაზების გადაკეტვის ან იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილების. ეს არის ძალიან მკაფიო და გამოყოფილი გეგმა იმისა, რომ აღდგეს საბჭოთა კავშირი. ესაა გეგმა და სქემა, რომელშიც საქართველოსთვის გარანტიების შესაქმნელად გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. უკრაინაში ჩადის და უნდა ჩავიდეს ის ხალხი, რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა ამ პროცესებზე. საქართველოს გავლენის მოხდენა რა დოზით და საშუალებებითაც შეუძლია, ამას აკეთებს განცხადებებით, დამოკიდებულებით, პოზიციებით, რეაგირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ორმხრივ ურთიერთობებში, თავად უკრაინის მოქმედ მთავრობასთან და წარმომადგენლებთან, რომლებთანაც გვაქვს პრაქტიკულად მუდმივი კონტაქტი - ზოგჯერ აფიშირებული, ზოგჯერ არა, რადგან საქმე არ კეთდება მხოლოდ მედიისთვის, საქმე კეთდება საქმისთვის" - განაცხადა უსუფაშვილმა თეორემაში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს უკრაინისთვის და საქართველოსთვის სასარგებლო საქმეს.

"პროცესში ვმონაწილეობთ იმ დოზით და იმ ფორმით, რა დოზით და რა ფორმითაც ჩვენ გვაქვს კონსულტაციები უკრაინელებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. მათთან ძალიან მჭიდრო კონტაქტით და კონსულტაციებით ვმოქმედებთ და ვდგმთ ყველა ნაბიჯს, მათ შორის მისიებში მონაწილეობის" - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ "მისიებში არ ვართ არა იმიტომ, რომ არ გვინდა ან პრობლემა გვაქვს ან გვეშინია და საფრთხეს ვხედავთ ჩვენთვის, არამედ იმიტომ, რომ იმიტომ რომ საქმეს ასე სჭირდება".

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც სჭირდება უკრაინას. უსუფაშვილის თქმით, ასევე მოიქცა უკრაინა 2008 წელს, როცა გადადგა ისეთი ნაბიჯები, როგორიც საქართველოს სჭირდებოდა.

"სერიოზული განსხვავებაა იმ ხედვაში, როდის რა უნდა გააკეთო. ჩვენ უკრაინის პრეზიდენტი გვჭირდებოდა აქ. როგორც კი საჭირო გახდება საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში, მაშინვე კიევში გაჩნდებიან. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საქმეს სჭირდება და არა იმას, რაც მე მჭირდება, რომ ტელევიზორში გამოვჩნდე და ჩემი პოლიტიკური საქმე მოვიგვარო. როცა საჭირო იქნება კიევშიც ჩავალ, ბრიუსელშიც ჩავალ.. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ. ერთადერთი, რასაც არ გავაკეთებთ, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები თემაზე, რომელიც არის ცხელი და არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც არ იქნება შეთანხმებული იმ ქვეყნებთან, იმ ლიდერებთან, რომელთა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ბედიც. ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც სჭირდება უკრაინას და რაც სჭირდება საქართველოს" - განაცხადა უსუფაშვილმა თეორემაში და აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის, რა დევს სასწორზე და რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში.

"ის ფაქტი, რომ მოხერხდა მთელი მსოფლიოს ყურადღების და მოქმედებების კონცენტრირება ამ თემაზე, არის ძალიან კარგი. ის, რაც ამ წუთამდეა მიღწეული, არ არის საკმარისი. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ იმას, რაც უკვე ვიცით და რაც ხდება, არ ვიცით, რისი აცილება მოხდა თავიდან. ან რა ახალი გარემოებები შეიძლება გაჩნდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფალი არჩევანი, არამედ მსოფლიო წესრიგი. ის წესრიგი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უხეშად დაარღვია რუსეთმა და რომელსაც ადეკატური რეაგირება არ მოყვა მსოფლიოს მხრიდან არამხოლოდ იმ დღეებში, არამედ, შემდგომ პერიოდშიც" - აღნიშნა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები აგრესორის დაუსჯელობამ გამოიწვია.

კომენტარები