პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან

პრემიერი: GPB-ის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალე იყო

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო. როგორც პრემიერმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, შესაბამისი კომისია, რომელიც პარლამენტს GPB-ის მეურვეობის კანდიდატებს წარუდგენს, კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული და მის შესახებ კითხვები არავის არ გასჩენია.

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შეკითხვები იყო, მაგრამ პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. შეგახსენებთ, როგორ მოხდა კომისიის დაკომპლექტება, როგორ მოხდა ბორდის წევრების შერჩევა. აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო ეს პროცესი. გუშინ მოვისმინე, რომ კომისია აგრძელებს მუშაობას და დასრულდება მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტი მოქმედებს კანონის შესაბამისად და ყველაფერი არის გამჭვირვალე.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი, კონტროლი დააწესოს თავისუფალ მედიაზე.

"ეს ჩვენ ბევრჯერ დავადასტურეთ. ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დახურა საკუთარი ტელევიზია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ჩვენ, როგორც მინიმუმ, რამე ინტერესი რომ გვქონოდა რომელიმე ტელევიზიაზე გავლენის, მაშინ რატომ დავხურავდით კერძო არხს?" - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების შესარჩევ ცხრაკაციან კომისიას ძველი შემადგენლობით წარუდგენს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ძველი კომისიის წევრები ხელახლა შესაქმნელი საკონკურსო კომისიის წევრობაზე დათანხმდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად, გამოცხადდა კონკურსი სამეურვეო საბჭოს დარჩენილი 5 წევრის შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მათ შორის მათაც, ვინც წინა კონკურსში მონაწილეობდა, განცხადებები უნდა წარადგინონ დავით უსუფაშვილის სახელზე არა უგვიანეს 2014 წლის 26 მარტის 18:00 საათისა.

ცნობისთვის, 27 დეკემბრის და 23 იანვრის სხდომებზე, პარლამენტმა GPB-ის მეურვეობის ჯამში ოთხი კანდიდატი დაამტკიცა - ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე, მარინა მუსხელიშვილი და ნათელა სახოკია.

კომენტარები