პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან

პრემიერი: სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდება

საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, რეგიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღო.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ეს გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა და მთავრობა აღნიშნულ პროექტზე უკვე მუშაობს.

"საერთო საცხოვრებელი აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით და შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რათა სტუდენტებს საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება მიეცეთ თბილისში. არცერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მის შვილს განათლების პერსპექტივა არ ექნება", - აღნიშნა პრემიერმა თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითვე, საერთაშორისო განათლების ცენტრი შეიქმნება, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. პრემიერის თქმით, მთავრობა ეძებს გზებს, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ კარგი განათლების მიღება - ერთი მხრივ, საქართველოში ამაღლდეს განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მეორე მხრივ კი, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს განვითარებას მოახმარონ.

საერთაშორისო განათლების ცენტრში, რომელიც უშუალოდ პრემიერის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ყველა ფინანსური რესურსის, მათ შორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების სახსრების კონსოლიდაცია მოხდება. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა. სახელმწიფო დააფინანსებს საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებს.

პრემიერის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, დაფინანასდება ის მიმართულებები, რომლის დეფიციტიც დღეს ქვეყანაშია. პრიორიტეტული სექტორების გამოსავლენად კი, სპეციალური კვლევები ჩატარდება. 

პრემიერის ინიციატივაში იქნება პირობა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ, სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში. ცენტრი ვალდებულებას იღებს, რომ მათ დაასაქმებს.

"ჩვენი მიდგომაა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც, პრინციპში, ჩვენი ყველაზე დიდი აქტივია. რომელიც ასე გაფანტულია მთელ მსოფლიოში. მე ვიცი ძალიან ბევრი სტუდენტი, რომელიც წავიდა საზღვარგარეთ სასწავლებლად და იქ დარჩა, რადგან აქ ვერ ხედავენ პერსპექტივას", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა -  "მთელი ეს ძალისხმევა გამიზნულია იმისთვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები, რაც მომავალში მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართული ინტელექტუალური რესურსის კონკურენტუნარიანობას". 

საქართველოს პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების განვითარება და კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნა. 

მისივე განცხადებით, წარჩინებული სტუდენტები სახელმწიფო სტრუქტურებში 6-თვიან სტაჟირებას გაივლიან. პრემიერმინისტრის ინიციატივით, სტაჟიორებს აკადემიური მოსწრებისა და რიგითობის მიხედვით შეარჩევენ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტი სათანადო სერტიფიკატს მიიღებს.

 "და, რა თქმა უნდა, დასაქმების პერსპექტივა იქნება პირველ რიგში მათთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერი იმედოვნებს, რომ მსგავსი ინიციატივები სტუდენტებისთვის სწავლის გაღრმავების, ცოდნისა და გამოცდილების მიღების დამატებითი სტიმული იქნება. 

 "დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს ქვეყანას მისცემს განათლებული და კვალიფიციური სპეციალისტების მთელ თაობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა სტუდენტებს კომუნიკაციის ახალი ფორმა შესთავაზა. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ამ მიზნით, პრემიერის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, სპეციალური აპლიკაცია - "ახალი თაობის იდეა პრემიერს" შეიქმნა. 

"კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ამიტომ გთავაზობთ კომუნიკაციის ყველაზე მოხერხებულ საშუალებას - facebook-ზე, ჩემი ოფიციალური გვერდისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია - ახალი თაობის იდეა პრემიერს. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაინც მოვახერხებ გავეცნო თქვენს მოსაზრებებს, თქვენს იდეებს და მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ. მერწმუნეთ, ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში თქვენი მონაწილეობა, თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია", - მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა სტუდენტებს. 

კომენტარები