ვითარება უკრაინაში

თბილისში სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლი გაუქმებულია

www.filmstreet.pro

რუსი მსახიობის სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლი თბილისში, რომელიც მაისში იყო დაგეგმილი, გაუქმებულია. ამის შესახებ ტაბულას საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის კულტურის მოღვაწეების განცხადება გახდა, რომელშიც ისინი ყირიმის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციას მხარს უჭერენ. მათ შორის ბეზრუკოვიცაა.

”მიზეზი არის ის არასწორი ხელმოწერა, რაც რუსეთში მოღვაწე ხელოვანებმა გააკეთეს. მე ბეზრუკოვს მივწერე წერილი, რომ მაისში მისი გასტროლები გაუქმებულია. არ შეიძლება, როდესაც ხელოვანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას, აღიარებს იმ უკანონობას და საშინელებას, რაც იქ ხდება. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, - აცხადებს ოქიტაშვილი.

როგორც ოქიტაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი თავად ბეზრუკოვს ჰქონდა და ამის ინიციატორი ქართული მხარე არ ყოფილა.   

”მე, პირადად, ხელს არასდროს შევუწყობ საქართველოში ისეთი ადამიანების ჩამოყვანას, რომლებიც გმირი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიდიან”, - აცხადებს ოქიტაშვილი.

რუსეთის კულტურის მოღვაწეები ყირიმის საკითხთან დაკავშირებით პუტინის პოზიციას მხარს უჭერენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ამ დროისთვის განცხადებას 102 ხელმომწერი ჰყავს.

კომენტარები