ვითარება უკრაინაში

ხიდაშელი ევროპის საბჭოს: რუსეთის მიმართ სანქციები სრულად აამოქმედეთ

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა თინა ხიდაშელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება მოითხოვა.

"ეს დისკუსია ამ კომიტეტში 6 წლის წინ უნდა შემდგარიყო, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელი სახლმწიფოს - ჩემი სამშობლოს ნაწილის ოკუპაციას ახდენდა მორიგ ჯერზე. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. მაშინ რუსეთი ვერ შეაჩერეთ. იმედია, ეს დღეს მაინც მოხერხდება და არავინ გაიზიარებს ამ დარბაზში რუსეთის წარმომადგენლების საუბარს იმაზე, რომ რუსი განმათავისუფლებლები უკრაინის ფაშისტებისაგან გათავისუფლებისათვის იბრძვიან. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელები დავარქვათ მარტივ მოვლენებს. რუსეთის ინტერვენცია დამოუკიდებელ სახელმწიფოში სახეზეა. ევროპის საბჭოს კი მხოლოდ ის შეუძლია, რომ რუსეთს დაუდასტუროს - ევროპის საბჭო თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნების ორგანიზაციაა და შესაბამისად, აამოქმედოს სანქციები სრულად" - მიმართა ევროსაბჭოს ლიბერალური ფრაქციის ვიცეპრეზიდენტმა თინა ხიდაშელმა კომიტეტს საქართველოს პარლამენტის ცნობით.

ხიდაშელი სტოკჰოლმში გუშინ გაემგზავრა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. პოლიტიკური კომიტეტის სხდომა უკრაინის პროცესებთან დაკავშირებით საგანგებოდ ტარდება.

კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით პოზიციებს შეიმუშავებს და აპრილის სასესიო სხდომებზე წარადგენს.

კომენტარები