ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ვოლსკი: კოალიციაში, კანდიდატებთან დაკავშირებით, მოსაზრებები არ შეგვიჯერებია

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, კოალიცია ქართულ ოცნებაში არ არსებობს არანაირი შეთანხმება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ვოლსკიმ პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში თქვა, არსებობს კანდიდატთა სიები და მიმდინარეობს მათი განხილვა. დეპუტატის განცხადებით, კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები აქვთ, თუმცა ჯერ ამ მოსაზრებების შეჯამება არ დაუწყიათ.

"არ არსებობს არანაირი შეთანხმება გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ის, რომ სიები ჰქონდეს და კანდიდატურებს განიხილავდნენ, ამაში არანორმალური არაფერია. კონკრეტული კანდიდატების დასახელება მე არ შემიძლია. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და არსებობს კოალიციაში ხალხი, ვისაც მოსაზრებები აქვს, მაგრამ ეს არ შეგვიჯერებია", - თქვა ვოლსკიმ.

დეპუტატმა პარლამენტის ვიცესპიკერ მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართული ოცნება მას შემდეგ მოახდენს რეაგირებას, რაც ვითარებაში ბოლომდე გაერკვევა. უმრავლესობის წევრის განცხადებით, მურმან დუმბაძე მშვიდობის მოყვარული პიროვნებაა და მუშტი-კრივი მის სფეროს არ წარმოადგენს.

"მე ძალიან გამიკვირდა, მურმანი კი არის ემოციური ადამიანი, მაგრამ ფიზიკურ დაპირისპირებას ნაკლებად წარმოვიდგენდი მისგან. მშვიდობიანი ადამიანია და მუშტი-კრივი არ არის მისი სფერო", - აღნიშნავს ვოლსკი.

პარლამენტის ვიცესპიკერსა და პარტია თავისუფალი საქართველოს ხელვაჩაურის რაიონის ხელმძღვანელს მერაბ ღოღობერიძეს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

კომენტარები