ეს შენ გეხება

არასამთავრობოები: მზად ვართ, შევხვდეთ შსს-ს ხელმძღვანელ პირებს

კამპანიაში - ეს შენ გეხება - ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მათ შორის არის ფარული მიყურადების შესახებ მოქალაქეების აზრის კვლევის ჩატარება. ასევე, აქციის ერთ-ერთი ფორმა ის იქნება, რომ კამპანიის მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს, პროტესტის ნიშნად 2 საათის განმავლობაში მობილური ტელეფონები გათიშონ.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას მიესალმებიან. მათი თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძემ ფარული თვალთვალისა და მიყურადების საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა. კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ჩართული ორგანიზაციები, მინისტრის განცხადების გათვალისწინებით, მზად არიან შეხვდნენ უწყების ხელმძღვანელ პირებს, რათა მოხდეს მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების გაცვლა ფარულ მიყურადებებზე შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ.

"გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველო არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფო. აღნიშნული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება. შესაბამისად, ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოქალაქეების ინტერესების შეჯერებით კი არ უნდა იქმნებოდეს, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის მე-8 მუხლის შექმნილი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" კამპანიის მონაწილეები უჭერენ მხარს, სწორედ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს პასუხობს. ამ სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა არა მხოლოდ გააძლიერებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხს, არამედ საქართველოს თავიდან ააცილებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წაგებას და შესაბამისად, ფინანსურ სანქციებს. დაუშვებელია ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაზე აპელირებით სამართალდამცავი ორგანოების ძალაუფლების იმგვარად გაზრდა, რაც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო გადაადგილებას. ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება რეფორმები გაატაროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს რეგულირება პირად მონაცემთა დაცვის კუთხით და მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რამდენიმე ათეული ორგანიზაცია უერთდება.

შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატორები კი, შემდეგი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, Open Society Georgia Foundation, IDFI, Liberal Academy Tbilisi, სამართლიანი არჩევნები (ISFED), საზოგადოებრივი დამცველი, CDD, იდენტობა, ადამიანის უფლებათა ცენტრი.

კამპანია "ეს შენ გეხება" რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის დაცვის მიზნით 6 მარტს განაახლა. მათი მიზანი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მოქმედებაა.

ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით კი, უკანონოდ არავის უსმენენ.

კომენტარები