ვითარება უკრაინაში

ენმ: საქართველო იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროს ერთიანი ძალისხმევისგან

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "ქართული ოცნების უპასუხისმგებლო პოზიციის გამო, საქართველო იზოლირებული აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს ერთიანი ძალისხმევისგან და არ გამოხატა პრინციპული სახელმწიფოებრივი პოზიცია უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და დეოკუპაციის პრობლემის წარმატებულ გადაჭრას". ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ გასულ კვირას უარყო უმცირესობის მიერ პარლამენტში წარდგენილი რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმული იყო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების სრული მხარდაჭერა. 

"უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული განცხადებების თანახმად, თავისუფალი სამყაროს ლიდერები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ძალადობა საერთაშორისო სამართალზე მოახდენს ამ ქვეყნის იზოლაციას საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ხოლო ამერიკელი სამხედროები მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას და თავის მოკავშირეებს ევროპაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპულმა სახელმწიფოებმა გამოაქვეყნეს სანქციების პირველი პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომლის მიზანია ამ ქვეყნის მხრიდან სუვერენული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო აგრესიის და ინტერვენციის შეწყვეტა. სანქციები მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ პერსონალურ სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს; ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვიზის ლიბერალიზაციის და სავაჭრო შეთანხმებების შეჩერებას; რუსეთისთვის დიდი რვიანის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმას; ევროკავშირის საბჭოს (წევრი სახელმწიფოების და მთავრობის მეთაურები) გადაწყვეტილებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გაგრძელება გამოიწვევს რუსეთისთვის უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს თავისუფალი სამყაროს ლიდერ სახელმწიფოებს, მათ მიერ შემუშავებულ სანქციებს და მოკავშირეთა უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ ქმედით ნაბიჯებს, რომელთა მიზანია რუსეთის აგრესიული ქმედებების აღკვეთა როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინააღმდეგ", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.

საქართველოს პარლამენტმა 6 მარტს, უმრავლესობის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. იქამდე, საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი ორჯერ ჩავარდა. ნაციონალური მოძრაობა რეზოლუციაში რუსეთისთვის სანქციების დაწესების მითითებას ითხოვდა. უმრავლესობამ კი, ალტერნატიული დოკუმენტი შეიმუშავა. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ქართული ოცნებისთვის სიტყვა "სანქციები" წითელი ხაზი აღმოჩნდა.

კომენტარები