ვითარება უკრაინაში

სააკაშვილი: ის, რომ ჩუმად ვიქნებით, არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ შეგვახრამუნებს

mikheil saakashvili official/facebook.com

”ის, რომ ჩვენ ჩუმად ვიქნებით, არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთი არ შეგვახრამუნებს, რუსეთს თავისი გეგმები აქვს. სიჩუმით და ფერებით არაფერი არ გამოდის”, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

სააკაშვილი დუბლინში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე იმყოფება. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა კონგრესის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან გამართა შეხვედრები: იგი პირისპირ ესაუბრა ნორვეგიის პრემიერს, ევროპარლამენტის წევრებს, ასევე საფრანგეთის ოპოზიციური გაერთიანების - კავშირი სახალხო მოძრაობისთვის პრეზიდენტს.

”ევროპელები დაბნეულები არიან და ამიტომ ახლა, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ კიევში ჯდომაზე მეტად აქ არის საჭირო ჩამოსვლა და ყველას სათითაოდ, ვისაც გამოვიჭერ, ბევრთან შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი: პრემიერმინისტრებთან, მინისტრებთან, პრეზიდენტებთან და ველაპარაკოთ ამ  თემაზე. იმიტომ, რომ ახლა მართლა წყდება მარტო საქართველოს და უკრაინის ბედი კი არა, წყდება ამათი ბედიც. ზუსტად ასევე დაუშვეს თავის დროზე ჰიტლერი ყველაფერთან. პუტინმა გაუბერა მართლა, მაგრამ მე ვფიქრობ, კისერს წაიტეხავს. მაგრამ მთავარია, ჩვენ რა მოგვივა. მე ეს უფრო მაღელვებს.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა ბევრად უფრო დიდ აქტიურობას გამოიჩენს. ბევრად უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს პოზიცია ხმამაღლა დაფიქსირდეს. ის, რომ ჩვენ ჩუმად ვიქნებით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთი არ შეგვახრამუნებს, რუსეთს თავისი გეგმები აქვს. სიჩუმით და ფერებით არაფერი არ გამოდის”, -აცხადებს სააკაშვილი.

დუბლინში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი გუშინ გაიხსნა. მისი ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის კრიზისია. კონგრესზე საგანგებო რეზოლუციის მიღება იგეგმება. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ქართული დელეგაცია ესწრება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმედი აქვთ, რომ იმ რეზოლუციაში, რომელსაც სამიტი დაამტკიცებს, საქართველოზეც იქნება საუბარი. 

კომენტარები